საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები დგინდება
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებაც მოხდა. ცვლილებები გარდამავალი პერიოდით, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების დადგენას ითვალისწინებს. ასევე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელებს საემიგრაციო ვიზის მიღება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ.
როგორც მთავრობა განმარტავს, ახალი რეგულაციების პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე უცხოელთა გარკვეული კატეგორია, დაახლოებით 2 000-მდე პირი აღმოჩნდა, რომლებიც ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაჯარიმებას ან საქართველოდან გაძევებას ექვემდებარებიან.
გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაირკვა, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საემიგრაციო ვიზის საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე – ამ პირთა მათ ქვეყნებში დაბრუნების გარეშე მინიჭების მიზანშეწონილობა. მოქმედი კანონმდებლობით, მათ საქართველოს ვიზის მისაღებად საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, საკონსულო დაწესებულებებისათვის მიმართვა უწევთ, რაც მთავრობის თქმით, მნიშვნელოვან დროს და ფინანსურ რესურსს მოითხოვს და, ზოგადად, საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს. შექმნილი ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად კანონში დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, დგინდება დროებითი შეღავათიანი რეჟიმი საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. კერძოდ, უცხოელი, რომელზეც გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდება.
ამასთან, კანონპროექტით დადგენილია ასეთი კატეგორიის უცხოელთა საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა და საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება – ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი გაძევებას არ დაექვემდებარება. ამავე დროს, უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და საქართველოდან გასული არ არის, ენიჭება უფლება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საემიგრაციო ვიზა 2015 წლის 1-ელ მარტამდე მიიღოს. საქართველოში მყოფი უცხოელების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საემიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს, მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა. ამდენად, უცხოელს ვიზის მისაღებად თავის ქვეყანაში დაბრუნება აღარ დასჭირდება.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ინიცირებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყებენ. საკითხზე მსჯელობა კომიტეტებში ხვალიდან არის დაგეგმილი.