ოფიციალური თბილისი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ე.წ. არჩევნებს გმობს
ოფიციალური თბილისი უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ე.წ. არჩევნებს გმობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არალეგიტიმური “არჩევნების” გამართვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.
“ამგვარი პროვოკაციული ქმედებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვასთან, ხელს უშლის უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებული მდგომარეობის მშვიდობიან დარეგულირებას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ე.წ. არჩევნები “რესპუბლიკის მეთაურისა” და “უმაღლესი საბჭოს დეპუტატების” ასარჩევად გუშინ ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა “არჩევნებში” ხმათა 81% დააგროვა, ლუგანსკის სეპარატისტმა მმართველმა იგორ პლონიცკმა კი – 63%.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტერორისტების მიერ დონეცკსა და ლუგანსკში არალეგიტიმური არჩევნების ჩატარების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.