საქართველოში უახლოეს მომავალში მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვა

საქართველოს პრეზიდენტი ვენაში გაეროს კონფერენციის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.
ასევე საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას. მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციას, რუსეთი აგრძელებს უკანონო პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გზით.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ვუჟანოვიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. “საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტების შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, უპირველესად, ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმილი ვითარების – ფაქტობრივი ანექსის პროცესის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მონტენეგრო ყველაზე ახლოს არის ნატო-ს წევრობასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მხარდაჭერა. ფილიპ ვუჟანოვიჩმა, თავის მხრივ, აღგვითქვა უპირობო მხარდაჭრა, როგორც ნატო-ს წევრობის საკითხში, ისე ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებს მზადებას აღნიშნული ვიზიტისთვის”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა კოლეგა საქართველოში მოიწვია.
ფილიპ ვუჟანოვიჩი მოწვევას დათანხმდა და აღნიშნა, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება.
მონტენეგროს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშროლობის მნიშვნელობას და სურვილი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტის პერიოდში საქართველო-მონტენეგროს ორმხრივი ბიზნესფორუმიც გაიმართოს.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და საქართველს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვლი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები