სახალინის რეგიონში სამგზავრო მატარებლის ვაგონი ზღვაში ჩავარდა
სახალინის რეგიონში საქალაქო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვაგონი ხიდზე მოწყდა და ზღვის მხარეს ხევში ჩავარდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი „102 კილომეტრის“ და „კრასნოიარსკის“ სადგურების მონაკვეთში მოხდა. რკინიგზის მუშაკმა განაცხადა, რომ „მაღალი სიჩქარით მოძრავი მატარებელი გაურკვეველი მიზეზით ზღვაში ჩავარდა. არის მსხვერპლი, მაგრამ ხალხის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია“. „ლაიფ ნიუსის“ ინფორმაციით, მატარებლის მემანქანე გარდაიცვალა, დამხმარე კი ძლიერად დაშავდა. ამ ინფორმაციას სახალინის ფილიალის „შორეული აღმოსავლეთის“ რკინიგზის სადგურის პრესმდივანი სერგეი დაშინსკი უარყოფს. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი უამინდობის გამო მოხდა.