გიორგი მარველაშვილი გაეროს კონფერენციის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდეტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილი ვენაში „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების“ გაეროს მეორე კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ამ ფორუმში ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი მსოფლიოს მასშტაბით.
“ეს მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რადგან ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში. ჩვენს კონტინენტზე ბევრი – 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანა სარგებლობს საქართველოს სატრანზიტო ფუქციით, რაც დიდ მნიშვნელობას სძენს ჩვენს ქვეყანას. უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ სისტემასთან ინტეგრაციაში, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ორმხრივ სარგებელს. ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ყველა ის უპირატესობა და წარმატებული მაგალითი, რომელიც საქართველს აქვს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშოს “, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. ქვეყნის პირველი პირი გაეროს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება. ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.