„საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მსოფლიოსთვის სამაგალითოა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდა. ჯემილ ჩიჩექის თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის ურთიერთობა მსოფლიოსთვის სამაგალითოა.
ჯემალ ჩიჩექმა საკუთარი ქვეყნის სახელით საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს აღნიშნულ საქმეში მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს.
“საქართველოს სტაბილურობა, კეთილდღეობა, წინსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიზიარებთ საერთო გეოგრაფიულ რეგიონს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, წინსვლა, სტაბილურობა რეგიონში. რეგიონის ერთ-ერთ მთავარ წერტილს საქართველო წარმოადგენს”, – განცხადა ჯემილ ჩიჩექმა.
მან ყურადღება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე გაამახვილა, ისაუბრა აზერბაიჯან- საქართველო-თურქეთს შორის განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებზე, სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროექტები მომავლშიც უნდა გაგრძელდეს.
“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მთავრობებს შორის ურთიერთობებს ემყარება, თუმცა ამის საფუძველთა საფუძველს ხალხთა შორის ურთიერთობა წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობებს შესანიშნავად ასახავს ის ფაქტი, რომ ჩვენს შორის არის უპასპორტო, უვიზო მიმოსვლა, რაც მართლა სამაგალითოა ყველასთვის. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ დეპუტატები არიან ხალხის წარმომადგენლები და მაშინ, როცა ხალხთა შორის ასეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა არსებობს, არ გვეკადრება, რომ ჩვენ შორის კავშირი და მიმოსვლა ისეთი ინტენსიური არ არის. შევთანხმდით, რომ ამას გამოვასწორებთ და მომავალში უფრო აქტიურ მიმოსვლას და თანამშრომლობას დავგეგმავთ”, – აღნიშნა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს დროში განხორციელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თურქეთში ვიზიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები