ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დროულად აღსრულების მნიშვნელობა. ალექსი პეტრიაშვიალმა ნორვეგიულ მხარეს ამ პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში გაცილებით დიდი და ჩქარი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვას. ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე და ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული ე.წ. არჩევნების აღიარებით რუსეთის გაცხადებულ ზრახვებზე და ამ მხრივ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ტენდენციის საფრთხეებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებულ, დროულ და გადამწყვეტი ქმედებების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, კერძოდ, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.
ნორვეგიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.