ბაშარ ასადმა რამზან კადიროვი სირიაში დაპატიჟა
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი არაბეთის რეპუბლიკაში დაპატიჟა. ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში სირიის მუფტის შეიზ აჰმედ ბადრედინ ალ-ჰასუნის და რუსეთში ამ ქვეყნის ელჩის რიად ჰადადის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ელჩმა ჰადადმა სირიაში ბაშარ ასადის მოპატიჟება გადმომცა“, – დაწერა ინტერნეტში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა. კადიროვის თქმით, რეგიონში მოვლენების მიმართ რუსეთის პრინციპული პოზიციის გამო სირიის მუფტიმ მას ასადის მადლიერების შესახებ განუცხადა.
„მუფტიმ განაცხადა, რომ დასავლეთი ბევრს საუბრობს სირიაში რაღაც ჩეჩნური პოლკის შესახებ. სირიის ხელისუფლებას დაკავებული და დაღუპული ჩეჩნების სია აქვს. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებია, რომლებიც იქ დაიბადნენ და 20 წლის წინ წამოვიდნენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მთელი მსოფლიოს თვალში ჩეჩნები ტერორისტების და ექსტრემისტების როლში აჩვენონ, თუმცა სირიაში „ბოევიკები“ რამდენიმე ათეული ქვეყნიდან არიან“, – აღნიშნა კადიროვმა.
მისივე განცხადებით, დასავლეთის მიზანი – მილიონი მუსლიმის ომში ჩათრევა და ერთმანეთის განადგურებაა. „ჩეჩნეთში ჩვენ ტერორისტები და ვაჰაბიტები გავანადგურეთ და არასოდეს მივცემ მათ იმის უფლებას, რომ თავი კვლავ ზევით ასწიონ“, – განაცხადა კადიროვმა.