თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ანკარას, თბილისსა და ბაქოს შორის კავშირებს თვისობრივად გარდაქმნის, რაც შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის.
„გუშინდელი დღე იყო ისტორიული. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შედის. ეს გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში ქმნის ახალ, დამატებით სისტემას, რომელიც შუა დერეფანს მოემსახურება და მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სამი პარტნიორი ქვეყნის – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთსა და მთლიანად რეგიონთან ბევრად უფრო მოქნილი, ეფექტური და სწრაფი გახდება“, – აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება დაახლოებით 10 დღემდე შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთს ოპერირებას გაუწევს საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ადგილობრივი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.