„თავდაცვის სამინისტროსთვის საქმესთან დაკავშირებული მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებული მასალები.
ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განუცხადა, სადაც, დიპლომატებთან ერთად, ბიუროს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა.
“ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს, როგორც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საუბრებს, ასევე თავად საქმის მიმდინარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მოხდეს მართლმსაჯულებისა და კანონის პრინციპების სტანდარტების სრული დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვისთვის ხელმისაწვდომი იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები და მათ ჰქონდეთ საქმის მასალებთან სრული წვდომა”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.