უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მასშტაბური შეჭრის საშიშროება არსებობს – ილარიონოვი
უზენაესი რადას არჩევნების შემდეგ ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის საშიშროება არსებობს. ამის შესახებ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ეკონომისტმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის ახალი საფრთხე არჩევნებში პროდასავლური ძალების გამარჯვებასთანაა დაკავშირებული.
„საპარლამენტო არჩევნების მიერ ფორმირებული უკრაინის ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ნიშნავს, როგორც მინიმუმ 3 პრინციპულ შედეგს:
1. ახლა უკრაინამ საბოლოოდ და უკანმოუხედავად პოლიტიკური დასავლეთისკენ გადაინაცვლა.
2. ამ ტექტონიკური ძვრის განსაკუთრებული წვლილი უკრაინის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში და მის შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონსოლიდაციაში პუტინმა შეიტანა.
3. კრემლის არსებული რეჟიმის „პრივილიგირებული ინტერესების სფეროში“ უკრაინის შეკავების მცდელობა მხოლოდ რუსული რეგულარული ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრისა და მკაცრი ოკუპაციური რეჟიმის დაწესების შედეგად უკრაინული დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გადაყენების გზითაა შესაძლებელი“, – წერს ილარიონოვი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მტკიცებით, „ცხადია, რომ პუტინი სწორედ ამის მცდელობას განახორციელებს“.