„პენსიების ზრდა მოიაზრება, ოღონდ პირველ ეტაპზე ეს სოციალურად დიფერენცირებული იქნება“
2015 წლისთვის პენსიების ზრდაზე არის საუბარი, ოღონდ პირველ ეტაპზე ზრდა სოციალურად დიფერენცირებული იქნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“სახელმწიფო ბიუჯეტის საწყის ვერსიასთან შედარებით, დღევანდელ ვერსიაში განხორციელდა ცვლილებები ზრდის მიმართულებით. ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებითაც მობილიზებულია ახალი შესაძლებლობები. ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია უკვე არის საბოლოო, რომელიც მთავრობის მიერ შედგა. ზეგ გავა პარლამენტში განხილვაზე და უკვე პარლამენტის პრეროგატივაა, საშუალო ზრდა რამდენი იქნება. საშუალო ზრდა რამდენია, ამაზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პენსიების ზრდა მოიაზრება, ოღონდ პირველ ეტაპზე ეს იქნება სოციალურად დიფერენცირებული, ასე ვთქვათ, ღარიბებზე ორიენტირებული “, – აღნიშნა სერგეენკომ.