ქალბატონი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ლეკვებს კლავს „კვირას“ დაუკავშირდა – რას პასუხობს ბრალდებებს

  საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირას“ სტატიას სათაურით „კახეთში ლეკვის ქონისგან ტუბერკულიოზის წამალს ამზადებენ – ვინ არის ქალბატონი, რომელიც ლეკვებს კლავს?“ გამოხმაურება მოჰყვა. „კვირას“ საგარეჯოს რაიონ სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები ქეთინო თოდაძე დაუკავშირდა. თოდაძე ადასტურებს, რომ მან ნამდვილად დარეკა ლეკვის აყვანის მოთხოვნით, რადგან შვილმა სთხოვა. როგორც თოდაძემ განაცხადა, მას ლეკვები არასოდეს ჰყოლია, არც ტუბერკულიოზის სამკურნალო წამლებს ამზადებს, არც მუშაობს და მხოლოდ დიასახლისია.
„ჩემი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მთხოვა ლეკვი. ბავშვმა მთხოვა და დავრეკე ლეკვის ასაყვანად. გიორგიწმინდაში ღვთისმშობლის ეკლესიასთან ვცხოვრობ. სახლი არ მაქვს და ვცხოვრობ სხვის სახლში. პატრონს ორი ძაღლი ჰყავს, რომლებსაც ვუვლი და ამ პირობით ვცხოვრობ აქ. ლეკვები არასოდეს არ მყოლია და არც არანაირ წამალს არ ვამზადებ. “, – განაცხადა ქეთინო თოდაძემ.
გიორგიწმიდაში მცხოვრები კიდევ ერთი ქალბატონი მედეა ლომსაძე კი „კვირასთან“ საუბარში ჰყვება, რომ სოფელში არის მოხუცი ქალბატონი დარიკო, რომელსაც გაქირავებული აქვს პირუტყვის სადგომი, იქ კი ძაღლები და ლეკვები არიან. თუმცა მისივე თქმით, ვის აქვს ნაქირავები ბოსელი უცნობია. ლომსაძის თქმით, გიორგიწმინდაში ამბობენ, რომ ბოსელი ერთ ქალს აქვს ნაქირავები, რომელიც ციხის თანამშრომელია, ის ლეკვებს და ძაღლებს კლავს, რის შემდეგაც ტუბერკულიოზით დაავადებულთა განსაკურნელბად იყენებს.
„ოთხი ლეკვი ვნახე ამ ბოსელში ჩემი თვალით. აქ ცხოვრობს ერთი მოხუცი ქალი დარიკო, რომელსაც აქვს ბოსელი, ვიღაც ქალზე აქირავებს. ეს ქალი ციხეში მუშაობს, მაგრამ რას აკეთებს არ ვიცი. ამ ციხის თანამშრომელს მოჰყავს ლეკვები, ასუქებს და შემდეგ კლავს. ტუბერკულიოზიანი პატიმრები აძლევენ წამლის შეკვეთას. წამლებს ამზადებს თუ რას შვება არ ვიცი. მეზობლებს დაუჩივლიათ დარიკოსთან ძაღლების ყმული გვაწუხებსო და მას უთქვამს რა ვქნა ჩემი შვილები ამით ჭამენ პურსო. ჩემმა მეგობარმა ძაღლი დაკარგა. მას რომ ვეძებდით გვითხეს რომ დარიკოსთან ბევრი ძაღლებია და იქ ნახეო. მივედი და ჩემი თვალით ვნახე ერთი ძაღლი, დედა და ოთხი ლეკვი“, – ამბობს გიორგიწმინდაში მცხოვრები მედეა ლომსაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები