ისნის რაიონში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონში მდებარე წულაძის ქუჩის #23-ში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ჯვრის კურთხევას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ეწრებდოდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და ბერი გაბრიელის მოღვაწეობაზე ისაუბრა.
“მამა გაბრიელიმა თავისი უტეხობითა და რწმენით დიდი ძალა შთააგონა ქართველ ხალხს, რომლებსაც ღვთის გვერდით ყოფნა სურდა. ამიტომ საკრებულოს ინიციატივას, განსაკუთრებით, კი ამ რაიონის დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის წინადადებას მთელი საკრებულო გულისხმიერად მოეკიდა. ქუჩას მამა გაბრიელის სახელი დაერქვა და მის სახლთან მისივე სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ბერებმა აკურთხეს“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ტაძრის საძირკველი მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და პარაკლისი აღავლინა. მანამდე კი წმ.იოანე მხედრის, წმ.ბარბარეს და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებიდან სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით ბერი გაბრიელის გამზირზე მსვლელობა მოეწყო.
ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწლის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთერთ უსახელო ქუჩას დაერქვა.
როგორც ნავთლუღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ აღნიშნა, გამზირისათვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით მას 3 ათასზე მეტმა ადამინმა მიმართა.
“მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდი, რომ ქუჩას, სადაც ბერი გაბრიელი ცხოვრობდა მის სახელს მივანიჭებდით. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საკრებულოსდახმარებით დღეს ისნის რაიონში ბერი გაბრილ სალოსის სახელობის გამზირი არსებობს, მალე კი აქ ტაძარიც აშენდება“,- განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.
ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, დღესვე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრები გაიმართა. ისნის რაიონში მდებარე სხავადასხვა სკვერებში ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები იყო გამოფენილი, ასევე მოეწყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გამოფენა–გაყიდვა, დღევანდელი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა.