თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ეწვია
თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს, საქართველოს ესტუმრა.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე დახვდნენ.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე დღესვე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მოინახულებს და ძველ თბილისს დაათვალიერებს. ხვალ კი, ჯემილ ჩიჩექი ოფიციალურ პირებს შეხვდება. თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, საიდანაც პარლამენტში გაემგზავრება. თურქეთისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.
ხვალვე ჯემილ ჩიჩექი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრება და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
ვიზიტის ბოლო დღეს, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში ჩავა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის კონსულის რეზიდენციაში გაემგზავრება.
ჯემილ ჩიჩექი ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მეჩეთს ეწვევა. მანამდე კი, ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.