თბილისს მამა გაბრიელის სახელობის ქუჩა შეემატება და მისივე სახელობის ტაძარი აშენდება
თბილისს მამა გაბრიელის სახელობის ქუჩა შეემატება და წმინდა გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძარი აშენდება. ქუჩა მამა გაბრიელის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს. ტაძრის ასაშენელბლად კი იქვე ახლოს მიწის ნაკვეთი გამოიყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
“საქართველო მდიდარია გამოჩენილი ადამიანებით. გამოჩენილი ადამიანები ყველა საუკუნეში გვხვდებოდნენ – ღვთით, ღვთის წყალობით დაჯილდოებულნი. დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელისა. თქვენ თითქმის ყველანი იცნობდით მამა გაბრიელს, იცნობდით მის ლოცვას, მოღვაწეობას. ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი – ხანდახან იყო მლოცველი. განსაკუთრებით ლოცულობდა ერისთვის, ხალხისთვის. ხანდახან იყო სალოსი, მაგრამ ღვთის წინაშე ღვთით დაჯილდოებული იყო სასწაულებით. ახდენდა სასწაულებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს საქართველო, ჩვენი ეკლესია, გაამთლიანოს საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა მტერს”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
დღესვე იღუმენი თეოფანე არღვლიანი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მღვდელმონაზონი შიო გელაშვილი და მღვდელმონაზონი იოსებ იკაშვილი კი აყვანილ იქნენ იღუმენის ხარისხში.
გარდა ამისა, პატრიარქმა დალოცა გვარები – საათაშვილები, როსმანაძეები, იაშაღაშვილები, მუსელიანები და გაგოშვილები. მან ასევე დალოცა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და ნაკრები, რომელიც გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
დღესვე პატრიარქმა ცნობილ ექიმებს რაულ მანაგაძეს და რევაზ გაგუას იუბილე მიულოცა.