საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრება

  საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვენაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების” გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა.
ქვეყნის პირველი პირი გაეროს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება. გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას თემაზე: “ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად”.
ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.
ქვეყნის პირველი პირი ავსტრიული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები