„ადამიანები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კვალიფიკაციის შესაბამისად უნდა ინიშნებოდნენ“

  მერიაში თანამშრომელთა ატესტაციას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. ჟორჟოლიანს ეჭვი არ ეპარება, რომ მერიის თანამშრომლების ატესტაციის პროცესი მიუკერძოებლად ჩაივლის. დეპუტატის განცხადებით, საქართველოში უნდა დასრულდეს დრო,როდესაც თვითმართველობებში ადამიანები პოლიტიკური ნიშნითა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობით საქმდებოდნენ და ადამიანის დანიშვნის მთავარი განმსაზღვრელი მისი კვალიფიკაცია უნდა იყოს.
„ატესტაციის პროცესი ობიექტური იქნება. გამოცდებს ატარებს ერთიანი საგამოცდო ცენტრი. ერთიანი საგამოცდო ცენტრი ატარებს საქართველოში გამოცდებს, ტესტირებებს, მის ობიექტურობაში ეჭვი არავის შეაქვს. ამ გამოცდების პროცესში ადამიანის ჩარევა და მონაწილეობა არ ხდება, არავითარ მიკერძოებას ადგილი არ ექნება. ესაა საკრებულოს მიერ შედგენილი კომისია. თვითონ საკრებულოები დაინტერესებულები არიან, რომ ჰყავდეთ კვალფიციური თანამშრომლები. უმეტესწილად, ადამიანები არა კვალიფიციურობის, არამედ პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ, ეს პრაქტიკა ყოვლად მიუღებელია. ეს პრაქტიკა სერიოზულად დაარტყამს თვითმართველობის რეფორმას.
რამდენიმე დღის წინ შეიქმნა რეგიონების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობების რეფორმის კომისია, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს. ამ კომისიაში ჩართული ვართ რამდენიმე პარლამენტარი. ჩვენი რეგიონების სოციალ – ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული წესრიგის დამყარება ჩვენი პრიორიტეტია. ეს ყველაფერი კი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ კვალიფიკაციას პოლიტიკური ერთგულებით, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილობით ჩავანაცვლებთ“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
თბილისის მერიის თანამშრომლები დაგეგმილ ატესტაციას დღეს გაივლიან. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიას საგამოცდო ტესტებთან და გამოცდების მიმდინარეობის პროცესთან შეხება არ აქვს. დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ ჩაივლის.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის საგამოცდო კითხვარს გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს, გამოცდის მიმდინარეობის პროცესსაც თავად ცენტრი გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები