სესიაშვილი ალასანიას განცხადებაზე: საიდუმლო გრიფის მოხსნის გადაწყვეტილება მინისტრმა თავად უნდა მიიღოს
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას კომენტარს გამოეხმაურა, სადაც მან მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის შესახებ განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინსტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, მინისტრმა სწორი პოზიცია გამოავლინა:
„მე მივესალმები ბატონი მინისტრის სწორ პოზიციას, რომ ის არის ძალიან გახსნილი ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს არის რეზონანსული საკითხი, ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს, ცხადია მისი ღიაობა ფართო საზოგადოებასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის გრიფი საიდუმლოს მოხსნა თავად მინისტრის კომპეტენციაა.
„ამ შესყიდვასთან დაკავშირებით გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა, მე ცხადია დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ნაწილი, რაზეც გრიფის მოხსნა შესაძლებელი ალბათ იქნება, შესაბამისად მინისტრმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განმარტა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.