„კრიმინალი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინისტრი ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება“
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. ჟორჟოლიანის განცხადებით, ჯერჯერობით საქმეში არაფერი არ ჩანს ისეთი, რაც დანაშაულის სისტემურ ხასიათზე იმეტყველებდა.
რაც შეეხება მინისტრის პასუხისმგებლობას, დეპუტატის განცხადებით, კრიმინალი შეიძლება მოხდეს უწყებაში, მაგრამ მინისტრი ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება .
„ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. გააჩნია, კონკრეტულად რაში იკვეთება დაკავებულთა ბრალი. რაღაც კრიმინალი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ცხადია, რომ მინისტრი ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. საფუძველი იმის თქმისა, რომ დანაშაული სისტემურია, არ არსებობს. ვნახოთ, აქვს თუ არა მას რამე სხვა განზომილება, გარდა სამართლებრივისა. რაც შეეხება ალასანიას პოსტზე დარჩენას, 8 ნოემბერს ყრილობაზე პარტია“ თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდორედ მისი დანიშვნა მინისტრობას ხელს არ შეუშლის. მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გადასაწყვეტია, პარტიის თავმჯდომარედ ალასანიას არჩევის შემთხვევაში, დარჩება თუ არა ის მინისტრის პოსტზე. ამას არც სამართლებრივად და არც პოლიტიკური პრაქტიკის თვალსაზრისით წინ არაფერი უდგას“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.