„თუ დაკავებულთა ბრალეულობა დადასტურდება, დარწმუნებული ვარ, ალასანია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკიმ ამავე საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილა, მისი განცხადებით, ალასანია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა და თუკი თავდაცვის მაღალჩინოსანთა ბრალეულობა დადასტურდება, ირაკლი ალასანია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ამიტომ მე დაკავებულ მაღალჩინოსნებზე არც საწინააღმდეგოს თქმა არ მინდა და არც მხარის დაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ირაკლი ალასანია არ არის ის ადამიანი, ვისაც პირადი პასუხისმგებლობის შესახებ უნდა შეახსენო. მას საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გააჩნია. ჩამოყალიბებული, წესიერი კაცია და თუკი თავდაცვის მაღალჩინოსანთა ბრალეულობა დადასტურდება, ირაკლი ალასანია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ და სამართლიანად. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ გამოძიების ბრალდებაზე დაყრდნობით ამბობდა ყველა ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა. სასამართლოა ის სტრუქტურა, რომელიც დაამტკიცებს, არის თუ არა დამნაშავე ესა თუ ის პიროვნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ალასანიას თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრად პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შესაძლო დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა. დეპუტატი სესიაშვილის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„მე და ირაკლი ვმეგობრობთ, ასევე ინტენსიური საქმიანი ურთიერთობები გვაქვს, ირაკლისთვის არ შემიმჩნევია, რომ ამ თემის განსახილველად იყოს მზად. ამ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს გამოეხმაურა. თავდაცვის მინისტრი დაკავებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, მთელი თავდაცვის სამინისტრო მონდომებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მანვე სურვილი გამოთქვა, რომ საქმეს „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას. ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, ამის გამო კი, მინისტრი პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.