რობერტ სტურუა: რა თეატრი, რის თეატრი?! მთავრობაც არ დადის თეატრში

  „ა უ ხ ს ნ ე ლ ი…“- ამ სათაურით რუსთაველის თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ პრემიერაზე 200 ბილეთიც კი არ გაიყიდა. რეჟისორს ვერ აუხსნია, რატომ არ დადის საზოგადოება თეატრში. უფრო მეტიც, სტურუა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რუსთაველის თეატრში მთავრობის წარმომადგენლებიც კი არ დადიან.
„ა უ ხ ს ნ ე ლ ი…
გუშინ რუსთაველის თესტრის პრემიერაზე 200 ბილეთიც არ გაიყიდა. იუმორინაზე, თუ კომედი კლაბზე კი ცხვირს ვერ შეყობ!
არ გეგონოთ, რომ მაყურებლის ამ ჟანრის სიყვარულის წიინააღმდეგი ვიყო – გაიხსენეთ ინგლისის თუ ამერიკული იუმორის უნიჭო საღამოები – იგივე სურათია, რაც ჩვენს 2000- ათასიან საკონცერტო დიდ დარბაზში (უცნაურია, ზოგჯერ ჩვენი კომედიანტების ოხუნჯობანი უფრო მხიბლავს), მაგრამ თეატრში… მაყურებელი არ დადის.
რითი არ ვიმართლებ თავს – ხალხი დააშინეს, დააჩლუნგეს, “სულელების ყუთმა”კი (ასე ეძახიან ამერიკელები ტელევიზორს) მთლად გამოგვატვინა – ისედაც ომებით და სიდუხჭირით დასუსტებული მოქალაქენი… ხოლო პოლიტიკოსების აღვირახსნილობამ სახლიდან გასვლის სურვილი მოგვისპო… ნუთუ სრულიად ახალი ტიპის თაობა გამოზარდეს ნაცისტებმა – რაღაც საშუალო ჰიტლერიუგენდის და მაუგლის მსგავსი – მაუგლის იმიტომ, რომ მგლებში გაზრდილი ადამიანად ვეღარ იქცევა. რა თეატრი, რის თეატრი?! მთავრობაც არ დადის თეატრში, ვიღაც ჩინოვნიკებს თუ გამოგიგზავნიან (ყოფილ უნიჭო მსახიობებს, გამორჩენის მიზნით რომ შეუერთდა ბიუროკრატების უსაქმურთა მასას), მრისხანე სახით რომ უყვირის შეშინებულ კაპელდინერებს, სასწრაფოდ მთავრობის ლოჟა გაგვიხსენითო! კი, ბატონო, ლონდონის და ნიუ-იორკის ნახევრად ცარიელ დარბაზშიც მინახავს შესანიშნავი სპექტაკლები… მაგრამ ნორმალური კაცი, ოჯახი ერთხელ თვეში მაინც წავა თეატრში – ეს მისი სულიერი მოთხოვნილებაა!
ჩვენი დამოკიდებულება თეატრისადმი იდეალურად გამოხატა თბილისობაზე გადაღებულმა ანონიმის ფოტომ: რუსთაველის თეატრის მუხის კარებთან დგას ვიღაც შუახნის კაცი და შარდავს!…
P.S. მეტყვით, პიარი არ გივარგათ, რეკლამა ვერ აამუშავეთ (ერთხელ თავდაცვის მიზნით წამოვიყვირე: რუსთაველის თეატრი „კოკა-კოლა“ არ არის-მეთქი, რეკლამა რომ სჭირდებოდეს! – და ვინანე, დამცინეს! ვიღაცამ ამას წინათ დამგესლა: სხვა თეატრები რომ გადაჭედილია, ბილეთს რომ ვერ იშოვიო?!
ნახევრად ცარიელ დარბაზში თამაში მირჩევნია, ვიდრე ვიღაც ოლიგარქებს, ბიზნესცენტრებს, ინსტიტუტებს, აქა-იქ შერჩენილ ქარხნებში (შეგვრჩა?) ვირბინოთ ბილეთებით ხელგაწვდილნი და ვევედროთ ბილეთების შეძენა! ამ?!“ – წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები