უკრაინაში პორეჩენკოვის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით აღიძრა საქმე, მსოფლიო პრესა კი აღშფოთებას ვერ მალავს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსი მსახიობის მიხეილ პორეჩენკოვის წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით საქმე აღძრა. საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-3 სტატიით გახლავთ აღძრული. გამოწვეული სკანდალის შემდეგ მსახიობი მომხდარს უარყოფდა და აცხადებდა, რომ „დსრ“-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მისიით და ასევე უკრაინაში აკრძალული ფილმის „პოდუბნი“-ს ჩვენებაზე იმყოფებოდა. დონეცკის აეროპორტში გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ნათლადაა ასახული, თუ როგორ ისვრის პორეჩენკოვი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან აეროპორტის უკრაინელი დამცველების მიმართულებით, პორეჩენკოვმა განაცხადა, რომ ტყვიამფრქვევში ფუჭი ტყვიები იყო. უკრაინის იაღაღის მფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი უჩაიკინის თქმით, მსახიობი მსხვილკალიბრიან ნამდვილ ტყვიებს ისროდა. „ ეს გახლავთ 12,7 კალიბრი. ეს ჯავშანგამრღვევი ტყვიები გახლდათ. ეს საშინელი იარაღია. ადამიანისთვის მისი ნებისმიერი მოხვედრა – მეყსეულ სიკვდილს ნიშნავს“ – განუცხადა უჩაიკინმა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში.
მომხდარმა მსოფლიო პრესის წარმომადგენლების აღშფოთებაც გამოიწვია, რადგან პორეჩენკოვი ზემოთხსენებული მოვლენის დროს პრესის წარმომადგენლების ეკიპირებით ისროდა. ტელე-რადიოკომპანია „ბი-ბი-სის“ ამღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა იოჰან ბირმა განაცხადა: „ პოროჩენკოვის მხრიდან პრესის ამომცნობი ნიშნების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელია“. იოჰან ბირის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა პორეჩენკოვი ნამდვილად ფუჭი ტყვიებით ისროდა თუ არა, მთავარია, რომ მან ბოროტად გამოიყენა პრესის ამომცნობი ნიშნები და ამ დროს იარაღიდან ისროდა. ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლება მსახიობზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები