„ჰიბრიდული ომის“ არსი და მისი პოლიტიკური ასპექტები
ომი ომია და ომში ისეა, როგორც ომში! პირველი მსოფლიო ომი; მეორე მსოფლიო ომი; „ცივი ომი“ და ახლა პოლიტიკურ ლექსიკონში ნელა-ნელა ადგილს იკავებს ისეთი ტერმინი, როგორიც არის „ჰიბრიდული ომი“! ისმის ლეგიტიმური კითხვა, თუ რამ გამოიწვია ამ ტერმინის დამკვიდრება? დიდ პოლიტიკაში იშვიათად რომ შემთხვევით რამე ხდებოდეს. ეს ტერმინიც მსოფლიოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების ლეგიტიმაციისთვის, მონაწილე მხარეთა პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე წარმოიშვა. თუ დავაკვირდებით, ამ ტერმინს მხოლოდ ის მონაწილე მხარეები იყენებენ, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე პირობები შეექმნათ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით.
მაგალითად, მე პირადად ეს ტერმინი დასავლეთის რომელიმე პოლიტიკური ლიდერისგან, ან შეერთებული შტატების პირველი პირებისგან არ მსმენია. მაგრამ ამ ტერმინს ძალიან ხშირად იყენებენ როგორც რუსეთში, ისევე უკრაინაში.
პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ტერმინ „ომის“ ურთიერთმიმართებაში გამოყენებას ორივე ქვეყანა ერიდება. ამას როგორც მრავალი პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ასპექტი გააჩნია. მაგრამ ძალიან თამამად ხმარობენ ტერმინს – „ჰიბრიდული ომი“. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალში ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული „ჰიბრიდული ომის“ იურიდიული სტატუსი, რაც ხელს უხსნის მათ აღნიშნული ტერმინის კონიუნქტურის შესაბამისად გამოყენებისას და არ აიძულებს სათანადო იურიდიული ვალდებულებების აღებას. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ტერმინის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტი. ხომ გაგიგიათ ფრთოსანი ფრაზა: „Война все спишет“ ?! აღნიშნული ტერმინის დამკვიდრების ძირითადი მიზეზი სწორედ ეს ასპექტია. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე ურთულეს სიტუაციაშია და ორივე ქვეყნის ხელისუფლებას ავრალურ რეჟიმში მუშაობა უწევს. სერიოზული შეცდომებისგან ძლიერი ხელისუფალნიც კი არ არიან დაზღვეულნი. ამ ორი ქვეყნის ლიდერთა მოღვაწეობა სავსეა არა მარტო არასწორი ნაბიჯებით, არამედ, შეცდომებით, რომელთაც უახლოეს ისტორიულ მომავალში შესაძლოა, ფატალური შედეგები ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ტერმინის დანერგვით, ყოველგვარი საერთაშორისო იურიდიული ვალდებულებების გარეშე სურთ, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც, მათივე აზრით, მაქსიმალურად მოუხსნით პასუხისმგებლობას – „Война все спишет“! „ჰიბრიდული ომი“, ყველა ზემოთ ხსენებული ასპექტების გარდა, კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა, გაამართლონ ქვეყნის შიგნით შექმნილი უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და უფრო მეტიც – ამ იდეის გარშემო შემოიმტკიცონ ელექტორატი. ომი თან არის, თან არ არის! მაგრამ, – „Родина мать зовет“ და ყველა პატრიოტი ვალდებულია, ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანდეს, რათა კონსოლიდირებულად დაძლიოს აგრესორი. ამისთვის კი, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ლომბარდში ჩაბარებული უკანასკნელი ოქროს კბილიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს!
დავით დემეტრაშვილი