პუტინი აშშ-ს ღიად დაუპირისპირდა – როგორ აფასებენ მის გამოსვლას დასავლელი ექსპერტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები, ე.წ. ცივი ომის პერიოდში შექმნილი დაბალანსების სისტემის განადგურებაში და შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის წესების საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მორგებაში დაადანაშაულა.
„მსოფლიო ახალი საფრთხის, „თამაში წესების გარეშე“ წინაშე დგას. ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური ჩარევით ურთიერთშეკავებისა და დაბალანსების სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა „ცივი ომის“ პერიოდში, განადგურებულია! ეგრეთ წოდებულ „ცივ ომში“ გამარჯვებულებმა გადაწყვიტეს ბოლომდე მიეყვანათ საქმე და გადაენაწილებინათ სამყარო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნაციონალური სუვერენიტეტის მცნება გახდა პირობითი, საერთაშორისო სამართლის წესებს ირგებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად“! – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე განაცხადა.
პუტინის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ მედიაში. „ვალდაისეული“ განცხადება დასავლეთში აღიქვეს, როგორც მკაცრი და განსაკუთრებულად აგრესიული. „ფაინენშელ თაიმსმა“ აღნიშნულ გამოსვლას ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ყველაზე ანტიამერიკული გამოსვლა უწოდა.
განცხადების ტონმა განაცვიფრა რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებიც.
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საშიშ მდგომარეობაში. ორივე მხარე ჩივის ერთმანეთზე. აშშ-სა და რუსეთის პოლიტიკა ერთმანეთთან მიმართებაში ძალიან ემოციური გახდა“, – ამბობს „ევრაზია გრუპის“ თავმჯდომარე კლიფ კუპჩანი.
სოჭის შეკრების მონაწილეებმა ვერანაირი დრამატიზმი ვერ დაინახეს პუტინის სიტყვებში. როგორც პოლიტოლოგმა ნიკოლაი ზლობინმა „ვედომოსტს“ განუცხადა, ის ზუსტად მკაცრი შეფასებების არარსებობითაა განცვიფრებული: „ფაქტობრივად კომპრომისული სიგნალები წამოვიდა. უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი არ გაკეთებულა მკაცრი შეფასებები. არ ყოფილა გაკეთებული განცხადებები არც „ფაშიზმზე“ და არც „ხუნტაზე“.
ზლობინმა განსაკუთრებით გამოყო პუტინის სიტყვები, რომლებშიც ის ტოტალიტარიზმში დაბრუნების სურვილს უარყოფდა: „ზუსტად ამისი ეშინია ამჟამად მსოფლიოს! გვინდოდა მოგვესმინა არა მარტო ამერიკის მხრიდან მსოფლიოზე ზეწოლის შესახებ, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზეც. ამერიკა არ არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში“. პუტინის გამოცვას უკრაინელი პოლიტოლოგებიც აფასებენ. პოლიტოლოგ მიხეილ პოგრებინსკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი აზრი გამოდგა: „მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ის მხარს არ უჭერს დსრ–ისა და ლსრ–ის გამოყოფას. პუტინმა მოგვცა ზუსტი სიგნალი, რომ უკრაინული კრიზისის სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტა – ტუპიკია! პრეზიდენტის სიტყვები ამ ნაწილში გაისმა ემოციურად და ნათელი იყო, რომ ის ომის წინააღმდეგია!“ უკრაინელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ პუტინის გამოსვლა, პირველ რიგში, დასავლეთის აუდიტორიაზე იყო გათვლილი. მისი განცხადებით, მან ფაქტობრივად 2007 წლის მიუნხენის გამოსვლა გაიმეორა, თუმცა, მისივე შეფასებით, მაშინდელი გზავნილი შემტევი, ამჟამინდელი კი შემრიგებლური იყო. პროკრემლისეური „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ ფონდის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსტინი კი უარყოფს პუტინის ამჟამინდელი გამოსვლის მსგავსებას მიუნხენის გამოსვლასთან მიმართებაში: „მაშინ იყო მცდელობა, მიგვეღწია შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებასთან, არსებული საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში. ამჟამად არსებულმა საერთაშორისო სისტემამ კი ამოწურა თავისი შესაძლებლობები და არ შეუძლია უპასუხოს ყველა გამოწვევას“.
მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა ხელმოწერილი არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება.
„დგება საკითხი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებზე, უკვე მოქმედი ორგანიზაციების ფარგლებში – გაეროს, ეუთოსა და ა.შ. როგორი ძლიერი სახელმწიფოც არ უნდა იყოს აშშ, იგი მხოლოდ ერთ–ერთ ქვეყანად რჩება. მათ არ ძალუძთ მსოფლიოს წინაშე დამდგარი ყველა პრობლემის გადაწყვეტა და პრეზიდენტმა ეს ზუსტად აღნიშნა.“
პუტინის გამოსვლა სოჭში გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მიუნხენში. ამაში დარწმუნებულია სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პოლიტოლოგი ვიაჩესლავ ნიკონოვი. ნიკონოვის აზრით, პუტინის მთავარი გზავნილია – სიტყვები ამერიკის ფსევდო- დემოკრატიულობაზე.
„ ამერიკა ცდილობს, თავზე მოგვახვიოს საკუთარი წესები. მაგრამ ამ წესებში არ არის დემოკრატია, როგორც ამის შესახებ გვეუბნება ამერიკა. სხდომის დამსწრე ექსპერტებმა ვერ შეიკავეს თავი შედარებებისაგან, ახლო წარსულთან. რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით გადავიდა პოლიტიკურ კონტრშეტევაზე“, – ამის შესახებ „ვედომოსტს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლეონიდ ივაშოვმა განუცხადა.
„თუ სამხედრო ენაზე ვიტყვით, აქამდე ჩვენს თავს ვიცავდით. ხოლო ამჟამად ვუტევთ. მსოფლიო დიდი ხანია ელოდება რუსეთისგან ამგვარ საქციელს. ელოდება უშიშროების რუსულ დოგმასა და მსოფლიოს მოწყობას!“
პუტინი სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა. ასე შეაფასა პუტინის გამოსვლა, მოსკოვის „კარნეგის“ ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტრენინმა:
„მიუნხენის სიტყვაში იყო თეზისები: ახლა – საქმე. რუსეთი უკვე იქცევა ამგვარად სირიაში, მიუხედავად ამერიკის წინააღმდეგობისა. ეხმარება ასადს. თუ აშშ აწარმოებს საომარ მოქმედებებს, სადაც მას სურს, მაშინ რუსეთიც იქცევა ანალოგიურად.
“აზრი, რომ რუსეთი იმყოფება დასავლეთის დარტყმების ქვეშ, ამყარებს პატრიოტულ გრძნობებს საზოგადოებაში,- ვარაუდობს ტრენინი. „გამოიკვეთა მოწინააღმდეგე – ეს არა საერთაშორისო ტერორიზმი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ვერ გაუმკლავდა მსოფლიოს ჰეგემონის ამოცანებს. ამიტომაც მოითხოვს რუსეთი, რომ ყველა დანარჩენმა ქვეყნებმა დაიწყონ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა აშშ-ს ჰეგემონიის გარეშე. უნდა ვიმუშაოთ ყველა ევროპულ თუ მსოფლიო სტრუქტურასთან ცალ-ცალკე. იმისათვის, რომ ყოველი მათგანი გახდეს უფრო დამოუკიდებელი და ბოლო მოუღოს დიდი მთლიანის ერთობას. მოსკოვს არ შეუძლია დაელოდოს კონიუნქტურულ კეთილგანწყობას. იმის გამო, რომ შექმნილია ძალიან არასტაბილური მდგომარეობა ენერგეტიკულ ბაზარზე. უკრაინა აქ მხოლოდ მიზეზია და არა მიზანი – გამოიყენონ უკრაინა, რომ გაუსინჯონ ევროპას სიმტკიცე, ფსონი არის რუსეთის სტატუსის საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში“, – პუტინის გამოსვლის ასეთ ტრაქტირებას ახდენს უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი.
ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პუტინმა არაფერი ახალი არ უთხრა არც დასავლეთს და არც რუსეთს. დასავლეთი აშკარად დაიღალა ამგვარი რიტორიკით. ეს არის ის, რასაც რუსულად დაძაბვა ჰქვია, – თვლის პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო:
„საკმარისია ციფრებს შევხედოთ, შევხედოთ ეკონომიკას, ენერგეტიკას, იმას, თუ როგორ დავუწექით ჩინეთს. იმისათვის, რომ გაგვეგო ამგვარი სიტყვის ფასი და გაგვეცა პასუხი კითხვაზე, თუ საით მივდივართ.“
დავით დემეტრაშვილი
წყარო: http://www.vedomosti.r