პუტინის გამოსვლა ვალდაის ფორუმზე – “დათვი” პუტინის თამაშის ახალი წესები, ანუ თამაში წესების გარეშე!

„ვალდაის სადისკუსიო კლუბი“ – თავისთავად ჩინებულად არჩეული დასახელებაა, სადაც აქცენტი კეთდება სიტყვა „სადისკუსიოზე, რამეთუ, დისკუსია სწორედ ის ღუმელია, რომელშიც ცხვება ჭეშმარიტება, მაგრამ, ყველა პროდუქტი, რომელზეც არის მარკირება – „გამოშვებულია რუსეთში“ აპრიორი გულისხმობს, რომ უზომოდ არის გაზავებული სააგიტაციო მარილით. არც ვალდაის კლუბის მოედანია გამონაკლისი და თავიდან ბოლომდე განსახილველია, როგორც კრემლის ინტერესების განსამტკიცებელი სააგიტაციო ინსტრუმენტი. წინასწარი საარტილერიო მომზადების შემდეგ ავანსცენაზე წარდგა თავად მაესტრო, შეფმზარეული – ვლადიმერ პუტინი! და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რა გაჟღერდა მანამდე, ან მისი გამოსვლის შემდეგ. ერთადერთი და მთავარი იყო ის, რას იტყოდა რუსეთის უცვლელი ლიდერი.
ამ შეხვედრის ანალიზისას ფუჭე დროის ხარჯვა იქნება ყურადღების გამახვილება რომელიმე სხვა გამომსვლელზე. ამიტომ ანალიზი მთლიანად პუტინის გამოსვლაზე უნდა გავაკეთოთ, რამეთუ რუსეთში არსებობს მხოლოდ ორი აზრი: 1. პუტინის აზრი და 2. არასწორი აზრი!h
რუსეთის ლიდერმა აქცენტები გამოსვლის დასაწყისშივე განსაზღვრა, მაგრამ ბოლო დროს მისი მთელი აქცენტები მნიშვნელოვანწილად ორიენტირებულია შიდა რუსული მოხმარებისთვის და დივიდენდები მოაქვს მხოლოდ მისი ელექტორატიდან! ამას კი ფუნდამენტალური, მენტალური მიზეზები აქვს,  რაზე საუბარიც ვალდაის თემას ძალიან შორს გასცდება. ამიტომ  შემოვიფარგლოთ მხოლოდ პუტინის გამოსვლის ანალიზით.
დღევანდელი რუსეთის პოლიტიკის ზოგადი ანალიზისას პირველივე, რაც მახსენდება, არის ვლადიმერ ლენინის ფრთოსანი ფრაზა – „მიზანი ამართლებს მეთოდებს!“ მაგრამ, ისტორიამ თვალნათლივ გვასწავლა, რომ რა მეთოდებითაც იბრძვი ძალაუფლებისთვის, ზუსტად მის შესაფერის გარემოს და სახელმწიფოს ააშენებ, თუ დაგცალდა. რუსეთის ლიდერმა გამოსვლის დასაწყისშივე განაცხადა: „მე შევეცდები არ გაგაწბილოთ! ვიქნები მკაცრი და პირდაპირი! ზოგიერთი რამ მეტისმეტად მკაცრად მოგეჩვენებათ. მაგრამ, თუ არ ვიქნებით პირდაპირები და პატიოსნები, და არ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც რეალურად გვაწუხებს და რასაც ამის თაობაზე რეალურად ვფიქრობთ, მაშინ ამ ფორმატით შეკრებას აზრი არ ექნება!“ როდესაც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გიწევს დათვთან ერთად მის ბუნაგში გამოზამთრება, როგორი კაცთმოყვარე ფრაზებითაც არ უნდა გელაპარაკოს მხეცი და შეეცადოს მაქსიმალურად გულახდილი და ღვთისნიერი იყოს, მაინც გრჩება გადაულახავი სურვილი, გამოვარდე ამ ბუნაგიდან და მანამდე ირბინო, სანამ უსაფრთხოდ არ იგრძნობ თავს.
საკუთარი გამოსვლის მიზნები და შინაარსი ბატონმა პუტინმა დასაწყისშივე ჩამოაყალიბა ძალიან ლაკონურად, როდესაც შეკრების განხილვის თემა დაასათაურა: „თამაშის ახალი წესები, ანუ თამაში წესების გარეშე!“. ამით მან მოახდინა რუსეთის საგარეო პოლიტიკის კურსის დეკლარირება! კარგ მთქმელს კი, როგორც ყოველთვის, კარგი გამგონი სჭირდება.
დასაწყისშივე მინდა გავაკეთო მცირედი მიმოხილვა უახლესი ისტორიის, რათა განხილვა სწორ რეალობებზე ავაგო. მიჩნეულია, რომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე კარგ ომს ცუდი მშვიდობაც კი ჯობია, რისი შედეგიც მიღებულ იქნა მსოფლიო თანაარსებობის ის კანონები და პრინციპები, რომელთა დაცვითაც მოვედით და მოვიტანეთ მშვიდობიანი თანაარსებობა დღემდე.  მაგრამ ამ მოკლე ისტორიული მონაკვეთიდან ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტებს ისეთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე, როგორიც იყო მესამე მსოფლიო ომი, წოდებული „ცივ ომად!“ ანუ ის მსოფლიო ომი, რომლითაც დღეს იმუქრება ვლადიმერ პუტინი, სინამდვილეში განსახილველია, როგორც მეოთხე მსოფლიო ომი. მესამე მსოფლიო ომში კი საბჭოთა კავშირი დამარცხდა, რამეთუ ის ფუნდამენტალური ფასეულობები, რომელზეც იდგა მის გარშემო გაერთიანებული სამყაროს ნაწილი, აღმოჩნდა არაკონკურენტუნარიანი!

ბუნების უნივერსალური გადარჩევის პრინციპი აქტუალურია არა მარტო ცოცხალი არსებებისთვის, არამედ ქვეყნებისა და იდეოლოგიების მიმართებაშიც. იმარჯვებს მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელი! რუსეთი კი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და, სამწუხაროდ, იდეოლოგიური პირმშოც! ამიტომ საერთაშორისო პოლიტიკაში იგი ძალაუნებურად გამოდის დამარცხებულის როლში, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო თანაარსებობის დადგენილ წესებსა კანონებს და შექმნილ რეალობას, რაც, პირველ რიგში გულისხმობს კონკურენტულ სივრცეში თანაარსებობას, რისთვისაც სავალდებულოა მუდმივი, ჯანსაღი განვითარება  და ახალი რეალობებისადმი ადაპტაცია. ეს კი თავის თავად გულისხმობს მსოფლიოსადმი გახსნას და გლობალიზაციის პროცესების ფერხულში ჩაბმას. ამას რუსეთმა ვერ აუღო ალღო, ვერ გადაეწყო და აირჩია თვითიზოლაციის ფსევდორევანშისტული პოლიტიკა,  რამაც ფაქტობრივად გადარჩენის დილემის წინაშე დააყენა იგი.  ბატონი პუტინი ძალიან კარგად გრძნობს ამას. და თავის გამოსვლაში აღიარა კიდეც შეერთებული შტატების გამარჯვების ფაქტი „ცივ ომში“. მაგრამ მეთოდები, რომლითაც ბატონი პუტინი ცდილობს, გაუმკლავდეს რეალობას, პირადად მასში გორდას ნასკვის ასოციაციებს იწვევს, თუმცა, ალექსანდრე მაკედონელი მხოლოდ ერთი იყო ამ ქვეყანაზე! და პუტინის მდგომარეობა პოლიტიკური ცუნცვანგია! მისი ნებისმიერი შემდგომი სვლა გარანტირებულად ამძიმებს რუსეთის და მის მდგომარეობას! ის ძალიან კარგად ხვდება, რომ დამკვიდრებული საერთაშორისო თამაშის წესების ფარგლებში იგი განწირულია, რამეთუ რუსეთი დღეს არა კონკურენტუნარიანია! ზუსტად აქედანაა გამომდინარე იმ ახალი საერთაშორისო რეალობების შექმნის სურვილი, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია მან მოახდინა ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეკრებაზე, ანუ რეალობის, რომელშიც ის ეფექტურად გამოიყენებს მის ძირითად და ერთადერთ კოზირს – ძალადობას! ძალადობა კი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა როცა არ არის შეზღუდული კანონებით! მისი შიშები ნათლად გამომჟღავნდა მისი გამოსვლის შემდეგ ციტატაში:  „მსოფლიოში დაგროვდა მრავალი წინააღმდეგობები. სამწუხაროდ, არ არსებობს იმის გარანტიები, რომ არსებული გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების სისტემა დაგვიცავს ჩვენ ძვრებისგან!“ როდესაც ბატონი პუტინი ხმარობს სიტყვა „ჩვენს“, იგი, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთარ თავს და რუსეთს, რაც ზუსტად ისეა ერთმანეთში გადახლართული და შედუღაბებული, როგორც თავის დროზე სიტყვები – ლენინი და პარტია! „კაგებეშნიკური“ მენტალიტეტი სხვაგვარ ბმებს ვერ კი აღიქვამს!
მსოფლიოს ცვალებადობის ტენდენციების განხილვისას რუსეთის ლიდერმა დეკლარირებული ჭეშმარიტება ახსენა, რომ მსოფლიო პოლიტიკა ეს, პირველ რიგში, არის ეკონომიკური ლიდერობა, მაგრამ, იმ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზიდან გამომდინარე, რასაც იგი ახორციელებს რუსეთში, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ ეკონომიკური ლიდერობის ქვეშ იგი გულისხმობს მის პირად ფინანსურ სიძლიერეს.  ძირითადი ფაქტი, რომელსაც იგი ვერ ეგუება, ეს არის ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი სამყარო, და ამ თემას დაუთმო მან გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა წარმოეჩინა ამგვარი მსოფლიო მოწყობის ნეგატიური შედეგები. მაგრამ, ერთი და იგივე ფაქტის აღქმა ორი სხვადასხვა მენტალობის მატარებელი სუბიექტისთვის აპრიორი სხვა და სხვაგვარია! იმპერიების ეპოქა მისი კლასიკური გაგებით დასრულდა და როგორც იტყვიან – „რაც გინახავს ვეღარ ნახავო“!
ოცდამეერთე საუკუნეში, გლობალიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში იმპერიები მიბმულია და ასოცირდება არა გეოგრაფიულ სივრცეებთან, არამედ მენტალურ და ტექნოლოგიურ სივრცეებთან! ოცდამეერთე საუკუნეში ცენტრისკენული, გამაერთიანებელი ძალა ვეღარ იქნება რუსული ხიშტი, არამედ, მხოლოდ ლიბერალური ფასეულობები, თანასწორუფლებიანობა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი! განა რომელიმე ამ ფასეულობათაგანი შეუძლია შესთავაზოს მეზობლებს პუტინისეულმა რუსეთმა?! ამ რეალობაში, კი არა მგონია მსოფლიო დაიყოს რამდენიმე იმპერიად და, როგორც ბატონი პუტინი ამბობს: „მრავალპოლუსიან სამყაროდ“! საკითხი გაცილებით მარტივადაა: სამყარო გაიყო ორ ნაწილად – თავისუფალი, თანასწორი შანსების მქონე ადამიანების სამყაროდ და დანარჩენი ადამიანების სამყაროდ! დანარჩენი, ანუ იმ ხალხის სამყაროდ, რომლებიც გადაურჩნენ მოსეს მიერ „ორმოცი წლის“ მანძილზე უდაბნოში ხეტიალს! ხალხის, რომელიც მონობაში დაიბადა და მონური მენტალიტეტის მატარებელი დარჩა! როგორი ცინიკურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი აზრი, მე მაინც დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ამგვარი მენტალიტეტის მატარებელი ადამიანებისთვის თანამედროვე სამყაროში რეალიზება აპრიორი შეუძლებელია, თუკი მათ არ შეუქმენი ისეთი აკვარიუმი, სადაც დაცული იქნება მათი არსებობისთვის აუცილებელი სივრცე! ზუსტად ასეთი აკვარიუმის შექმნას ცდილობს ბატონი პუტინი,  მაგრამ, მათთვის, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც დაიცავს ამ მიკროგარემოს ამყრალებისაგან! არადა ბატონ პუტინს ჰგონია, რომ ენერგორესურსებიდან მიღებული ფულით შესაძლებელია ამგვარი მოწყობილობის შექმნა! და ეს მაშინ, როდესაც თითქმის თხუთმეტწლიანი მაქსიმალური კეთილდღეობის პუტინისეულ ეპოქაში, როდესაც მილიარდობით ნავთობდოლარები მიედინებოდა ქვეყნის ბიუჯეტში, მათ „ლადა კალინაზე“ უკეთესი ავტომობილიც კი ვერ შექმნეს და ერთი მეორის მიყოლებით კარგავენ კოსმოსურ თანამგზავრებსა და ხომალდებს! საქმე იმაშია, რომ პუტინისეულ აკვარიუმში უკვე ისე აქოთდა წყალი, რომ გარშემო ყველა შეაწუხა, და ეს პრობლემა მოგვარებას საჭიროებს, სანამ დანარჩენ ჯანმრთელ სივრცეს არ გადაედო ეს ინფექცია!
ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ, როგორც მინიმუმ, ბატონი პუტინი აღარ არის დარწმუნებული მის შესაძლებლობებში, და თუ ოდნავ თამამიც ვიქნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეშინებულია, გამოიხატა მის შემდეგ სიტყვებში:Untitled
„დაუმორჩილებლებზე ზემოქმედების მეთოდები კარგად არის ცნობილი და აპრობირებული: ძალისმიერი აქციები, ეკონომიკური და პროპაგანდისტული აქციები, შინა საქმეებში ჩარევა, აპელაციები ეგრეთ წოდებულ ზეუფლებრივ ლეგიტიმურობაზე, როცა საჭიროა ამა თუ იმ კონფლიქტების არასამართლებრივი გამართლება, არასასურველი რეჟიმების მოშორება! ამ ბოლო დროს გამოვლინდა ზოგიერთ ლიდერზე ღია შანტაჟის ფაქტებიც! დიდი ძმა ტყუილად კი არ ხარჯავს მილიარდობით დოლარს მსოფლიოს მასშტაბით თვალთვალში, მათ შორის მათივე საკუთარი მეგობრების მიმართ!“
ასეთი აწუწუნებული პუტინი აქამდე არავის უნახავს! მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მიღებულმა კონტრზომებმა, როგორც იქნა, გამოიღო შედეგები და ეს მხოლოდ დასაწყისია! პუტინი რინგზე უმოწყალოდ ნაცემ მოკრივეს დაემგვანა, რომელიც რეფერის შესჩივის, რომ მოწინააღმდეგე მასზე ობიექტურად ძლიერი კი არ არის, არამედ მას ხელთათმანებში ცხენის ნალები უწყვია და იმიტომ იმარჯვებს! ამ ფაქტს კი ბატონი პუტინი იმ ლოგიკით ხსნის, რომ – „თუ მასე არ არის, აბა, რომ მირტყავს ასე ძალიან რატომ მტკივაო“!
საკუთარი გამოსვლის თითქმის ნახევარი რუსეთის უცვლელმა ლიდერმა მიუძღვნა იმის ახსნას, რომ შეერთებული შტატები ეს არის საერთაშორისო ხულიგანი და აქამდე ყველა გალახა და შეისმინეთ ჩემი ხმა, თორემ ახლა უკვე ჩემი ჯერიც დადგაო! აქამდე ის დაბეჯითებით და თავდაჯერებულად ამტკიცებდა, რომ თვითონ ადენდა ცხვირიდან სისხლს ნებისმიერს! მაგრამ, მის წინააღმდეგ მიღებული კონტრსაქნქციების შემდეგ, ვინმე „მიხოც“ კი აღარა ჰყავს, რომ თქვას – მე და „მიხოს“ ვინ მოგვერევაო!
თუ კარგად დაუკვირდებით ბატონი პუტინის სიტყვებს, რთული დასანახი არ არის ის ცვლილებები მის რიტორიკაში, რომლებიც გამოწვეულია ბოლოდროინდელი მოვლენებიდან! თუ აქამდე ის დაბეჯითებით ნერგავდა მითს რუსულ სამყაროზე და ცდილობდა ამ იდეის გარშემო გაეერთიანებინა პოტენციური მოკავშირეები, ამჯერად აღნიშნულ იდეაზე სიტყვაც კი არ იყო ნახსენები! უფრო მეტიც, მან საფუძვლიანად ისაუბრა დასავლურ ფასეულობებზე, რომელთა გაუფასურების საშიშროებც დასავლეთსვე გადააბრალა! თუმცა, ნიშანდობლივი ისაა, რომ იგი იძულებული გახადეს, აქცენტები ამ მიმართულებით შემოებრუნებინა! და აი მაგალითი ამგვარი ტრანსფორმაციის:
ციტატა პუტინის გამოსვლიდან –  „სანქციები უკვე ანგრევენ მსოფლიო ვაჭრობის საფუძვლებს და მსო-ს წესებს! ანგრევენ კერძო საკუთრების საფუძვლებს, საფრთხეს უქმნიან მსოფლიო გლობალიზაციის ლიბერალურ მოდელს, რომელიც ემყარება საბაზრო პრინციპებს, თავისუფლებას და კონკურენციას! მინდა ავღნიშნო, რომ ამ მოდელის მთავარი ბენეფიციარი ზუსტადაც, რომ დასავლეთის ქვეყნები არიან!
სად და რატომ გაქრა პუტინის პოლიტიკური ლექსიკონიდან სიტყვები: რუსული სამყარო, რუსული იდენტობა, რუსული თვითმყოფადობა, „დერჟავა“, განსაკუთრებული რუსული გზა? რატომ და რა მიზეზით ალაპარაკდა რუსეთის თვითმპყრობელი სიტყვებით: თავისუფლება, ლიბერალური ფასეულობები, კონკურენტუნარიანობა, მშვიდობიანი თანაარსებობა? მე კი დარწმუნებული ვარ, რომ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მოძალადემ მხოლოდ ძალის ენა შეისმინა..! მაგრამ ის მაინც საგრძნობლადაა მოწყვეტილი რეალობას! ყველაზე მთავარი კი, რაც ამაზე მეტყველებს, არის ის ფრაზა, რომელიც მან ქვაკუთხედად გამოიყენა, როცა სანქციების თემას შეეხო:
„არ შეიძლება პოლიტიკისა და ეკონომიკის ერთმანეთში შერევა, მაგრამ ზუსტად ეს ხდება! მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები შეცდომა იყო! რომლებიც ზიანს აყენებს ყველას!“
ზემოთ მოყვანილი ციტატიდან გამომდინარე ბატონმა პუტინმა აღიარა, რომ იგი ზარალობს სანქციებით და ეს ზარალი რომ განუზომლად დიდი და მტკივნეული არ ყოფილიყო, ალბათ, დამეთანხმებით, ის ამაზე სიტყვასაც არ დაასველებდა. უფრო მეტიც, მთელ აქცენტებს გადაიტანდა იმაზე, რომ ყველა კი არ ვზარალობთ, არამედ ამ სანქციებით ლპობადი დასავლეთი განწირულიაო! მართალია მან გააზავა ფრაზები ისეთი სიტყვით, როგორიცაა: პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები! მაგრამ, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა! და ზოგადადაც, არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და არ არსებობს ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე! თუ მსოფლიო წესრიგი და კანონები არ გაითელა ფეხქვეშ, მაშინ ყოველი შემდგომი მსოფლიო ომი იქნება მხოლოდ ეკონომიკური! და ზუსტად აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ნებისმიერი ქვეყნის თუ ქვეყანათა გაერთიანების აქცენტები!
თუ დასაჯერებელია პუტინის გულახდილობა, მაშინ გადაჭარბების გარეშე ნიშანდობლივია მისი ფრაზა, სადაც მან აღიარა, რომ იზოლაცია ჩამორჩენილობის სინონიმია!
რაღა თქმა უნდა სანქციები აფერხებს ჩვენს განვითარებას და გვიბიძგებს თვითიზოლაციისკენ, პოლიტიკაში, ეკონომიკაში! ანუ გვიბიძგებს ჩამორჩენილობისკენ! მაგრამ მსოფლიო კორდინალურად შეიცვალა! ჩვენ არ ვაპირებთ მისგან ჩაკეტვას და რაიმე ჩაკეტილი განვითარების გზის ძებნას, აბტოკრატიის გზის ძიებას! ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისათვის, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და პოლიტიკურშიც!
წარმოგედგინათ ვინმეს ამგვარი შემობრუნება პუტინის რიტორიკაში, როდესაც იგი მისი რუპორის, დიმიტრი კისელიოვის პირით ახმოვანებდა და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ძალუძს შეერთებული შტატები გადააქციოს რადიაქტიულ ფერფლად!?
თუმცა პუტინი რა პუტინი იქნებოდა, რომ სისხლში გამჯდარი შანტაჟის კომბალი არ მოექნია გამოსვლის დასასრულისკენ?! მან გაფრთხილება მისცა ცივილიზებულ სამყაროს, რომ თუ არ შეიქმნება მისთვის სასარგებლო რეალობა მსოფლიო პოლიტიკის წესებში, უკრაინის კრიზისი არ იქნება ბოლო და უკვე ახლავე აღინიშნება ფაქტები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გლობალურ დაპირისპირებაში ჩართვისა, რაც შეიძლება ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს! იგი მაინც მომართულია ახალი მსოფლიო მოწყობის პრინციპების შემუშავებისა და დანერგვისაკენ! მაგრამ სად არის ჭეშმარიტება, ეს ბატონი პუტინის გამოსვლაში და მის აქცენტებში არ ჩანს! ერთადერთი, რა დასკვნის გამოტანაც შეიძლება, ეს არის იმის დეკლარირება, რომ თუ გინდათ, რომ კარგად მოვიქცე, ცოტაოდენი მომიტეხეთ მსოფლიო კვერიდანო! მაგრამ იკმარებს კი, რომც მოუტეხონ? მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია!
ბატონი პუტინის გამოსვლის დასასრული მაინც ტოვებს ოპტიმიზმის იმედებს, რამეთუ მისი ძალაუფლების მთელი ვერტიკალი ყოველ მის სიტყვას იგებს ტრაფარეტულად, განსაკუთრებული ფანტაზიებისა და ანალიზის გარეშე! ამიტომ მისი სიტყვები რუსულ პოლიტიკურ სპექტრში მინიმუმ რიტორიკის ცვლილებას მაინც გამოიწვევს და გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ ტენდენციებს გამოავლენს. მართალია გორბაჩოვმაც არ იცოდა, სადამდე მიიყვანდა საბჭოთა კავშირს მისი ცვლილებები. და იგივე შეიძლება ითქვას ამჯერადაც! მაგრამ პუტინის ბოლო ფრაზებს ინსტრუქციის როლი უნდა ჰქონდეს შიდა რუსულ პოლიტიკაში. აი მისი დამაგვირგვინებელი ციტატა:
რუსეთმა გააკეთა თავისი არჩევანი! ჩვენი პრიორიტეტებია – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ღია ეკონომიკის შემდგომი დახვეწა, დაჩქარებული შიდა განვითარება მსოფლიოში არსებული ყველა თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, საზოგადოების კონსოლიდაცია ტრადიციული ფასეულობებისა და პატრიოტიზმის საფუძვლებზე!
რამდენიმე დღეში ეს ფრაზები პუტინის თეზისებად გამოიცემა რუსეთში და შესასრულებლად სავალდებულო იქნება! ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთში ამ ლოზუნგების ადეკვატური აღქმა იქნება და არ მოხდება მათი არაადეკვატური რუსულ სტილში გადათამაშება!და ბოლოს – არ შეიძლება ამ თემის დასრულება, თუ არ მოვახდენთ პუტინისადმი დასმული ერთი შეკითხვის ციტირებას და მასზე შეკითხვის ადრესატის პასუხს. დასკვნები კი თქვენთვის მომინდია!
შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ბრძანა, რომ პუტინი ეს არის რუსეთი და რუსეთი ეს არის პუტინიო! მე მაინტერესებს, თუ რას ფიქრობთ თქვენ ამ ლოზუნგის შესახებ?
პუტინის პასუხი: ეს ცნობილმა ფრანგმა „მეფე-მზემ“ ლუდოვიკი მეთოთხმეტემ ბრძანა, რომ საფრანგეთი ეს მე ვარო, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასწორი თეზისია! ის, რაც ჩემთვის არის რუსეთი – და ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა – ეს სავსებით ნათელი ფაქტია! მე არ შემიძლია წარმოვიდგინო თავი რუსეთის გარეთ და მის გარეშე, არც ერთი წამით. მე ამის თაობაზე უკვე მაქვს ნათქვამი, არქივიდან ამოიღეს ჩემი სანათესაო შტო. მოსკოვიდან 120 კილომეტრის მოშორებით არის სოფელი. სადაც ცხოვრობდნენ ჩემი ნათესავები მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული. და ამ საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ ერთსა და იმავე ეკლესიაში.  ამიტომ, მეც ვგრძნობ კავშირს რუსულ მიწასთან და რუს ხალხთან! ამიტომ რუსეთის მიღმა ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია! რუსეთი კი როგორღაც გაძლებს უჩემოდ! რუსეთში ბევრი ხალხია!
მაგრამ, თუ მოვხვდი იქ, სადაც ვარ, მე ჩემს ვალდებულებად ვთვლი, ვიზრუნო რუსეთზე, გავაკეთო ყველაფერი მისი კეთილდღეობისათვის, განვითარებისათვის და მისი ინტერესების დასაცავად!

დავით დემეტრაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები