მადუროს შვილმა იმ პირობებზე ისაუბრა, რომელშიც მამამისი აშშ-ის ციხეში იმყოფება
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში, პატიმრობაში იმყოფება, საერთო საკანში 18 სხვა პატიმართან ერთადაა მოთავსებული, – ამის შესახებ მისმა შვილმა, ნიკოლას მადურო გუერამ განაცხადა.
მადუროს შვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავდაპირველად საკანში მარტო იმყოფებოდა. იქ ის ყოველ დილით ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობდა და დღიურს აწარმოებდა. აპრილში მადურო საერთო საკანში გადაიყვანეს. მისი თქმით, მისი თანასაკნელების ნახევარი ესპანურად საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტი მათთან ურთიერთობს, ტელევიზორს უყურებს და ინგლისურს სწავლობს.
მადურო გუერამ ასევე განაცხადა, რომ მას მამამისის ტელეფონი გადასცეს. აუდიო შეტყობინება შეიცავდა ნიკოლას მადუროს ჩანაწერს, რომელიც მან არ გააგზავნა. მასში ნათქვამი იყო, რომ ვენესუელელმა ხალხმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა და რომ სამშობლო არასდროს გახდება კოლონია.
ყოფილი პრეზიდენტის შვილმა აღიარა, რომ აშშ-ის ოპერაცია ოჯახისთვის მოულოდნელი იყო.
„მათ გამოიყენეს ტექნოლოგიები, რომლებიც აქ არასდროს გვინახავს. მამაჩემის დასაცავად მეტი უნდა გაგვეკეთებინა. ამ მხრივ, ჩვენ ჩავვარდით“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 2026 წლის 3 იანვარს კარაკასში აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მათ თავზე ამერიკული CH-47 სამხედრო თვითმფრინავი დაინახეს. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ევაკუირეს. წყვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს სადესანტო გემზე, რომელიც ნიუ-იორკში 4 იანვარს ჩავიდა. მადურო ბრუკლინის დაკავების ცენტრში მოათავსეს.