“ევროსაბჭომ, სხვა ბოდვასთან ერთად, მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება; ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს ეკონომიკაზე, მიხვდება, რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე” – ამირან სალუქვაძე

“ევროსაბჭომ, სხვა ბოდვასთან ერთად, მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს ეკონომიკაზე, მიხვდება, რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალუქვაძე განმარტავს, ეს იმ ფონზე, როცა “თვითონ აგრძელებენ ვაჭრობას და სანქციებს ისე აწესებდნენ, რომ თვითონ ნაკლები დაზიანება მიეღოთ”.

“თუმცა, რა დღეშია ევროკავშირის ეკონომიკა ამ წლების მანძილზე, ვხედავთ.

რაც შეეხება საქართველოს, სასანქციო ომში ჩართვას რუსეთის მხრიდან შეიძლება, მოჰყვეს სრული ემბარგო.

ბევრჯერ დავსვი ეს კითხვა: კომპენსაციის სახით რაიმეს გვთავაზობდა ან გვთავაზობს ევროკავშირი? არა.

მხოლოდ იმას გეუბნებიან, რომ ჩვენი ინტერესებისთვის ჩამოაქციეთ ეკონომიკა, ჩვენი გულისთვის მოკვდითო.

მთელი ევროკავშირი საუბრობს, რომ 2028-30 წლებისთვის რუსეთი ნატოს თავს დაესხმება.

ამ დროს ნატოს გაფართოებას დახურულად აცხადებენ.

ჩვენ ვერც იმის გარანტიას მოგვცემენ, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ომში შესვლა სამხედრო კონფლიქტს არ გამოიწვევს და არც ფინანსურ-ეკონომიკურ კომპენსაციაზე და რუსეთის ბაზრის, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ჩანაცვლებაზე გვეუბნებიან რაიმეს.

უსაფრთხოებაზე საუბარიც არაა. ე.წ. მე-5 მუხლი რომ. არსებობდეს, ისიც საკითხავია, რა დოზით იმუშავებს. სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი გულისთვის მოკვდებიან. ალბათ ეს მუხლიც უკეთ უნდა გავაცნოთ საზოგადოებას.

შესაბამისად, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები, რბილად რომ შევაფასოთ, არის არამეგობრული.

დღევანდელი რეზოლუციის დანარჩენი ნიუანსების განხილვას აზრი არ აქვს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები