აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმროს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა

ბათუმში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს ,,კარგი მასპინძლის” სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

,,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ მათ სპეციალური ჯილდოები და ბრენდირებული სასაჩუქრე მასალები გადასცა. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

პროექტი ,,კარგი მასპინძელი” აჭარაში გასულ წელს დაიწყო და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. ,,კარგი მასპინძლის” სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს აღნიშნულ ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები