ჰაკერული ჯგუფის განცხადებით, მოპარულია PornHub-ის მომხმარებელთა მონაცემები
ჰაკერულმა ჯგუფმა ShinyHunters-მა განაცხადა, რომ მოიპარა PornHub-ის Premium მომხმარებელთა მონაცემების ნაწილი და კომპანიისგან თანხის გამოძალვას ცდილობს.
PornHub-ის განცხადებით, ინციდენტი არ უკავშირდება პლატფორმის ძირითადი სისტემების გატეხვას. კომპანიის ცნობით, მონაცემები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მესამე მხარის ანალიტიკური სერვისის მონაცემებთან, რომელსაც PornHub წარსულში იყენებდა და რომელიც 2021 წლიდან აღარ არის აქტიური.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და პლატფორმაზე აქტივობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ნახვისა და ძიების ისტორიას.
PornHub აცხადებს, რომ პაროლები, საბანკო ან გადახდის მონაცემები მოპარული არ არის.
კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს შიდა გამოძიება და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებთან.
აღსანიშნავია, რომ ჰაკერულ ჯგუფ ShinyHunters-ს წარსულშიც უკავშირდებოდა არაერთი მასშტაბური მონაცემთა გაჟონვის საქმე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში.