“მთავარი მიზანი, რაც ჩვენს კონტინენტს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ომის დასრულება” – მაია ბითაძე
“მთავარი მიზანი, რაც ჩვენს კონტინენტს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ომის დასრულება, რომელიც მხარდაჭერილი იყო დიდი სახელმწიფოების მხრიდან”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„თუმცა, ერთი ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებაა შეცვლილი, რადგან ის სტანდარტები, რაც ევროკავშირმა დაარღვია, რასაც ევროპული ღირებულებები, თანასწორუფლებიანობა ჰქვია და დემოკრატიის საფუძვლებია, თვალნათლივაა დარღვეული. ასე რომ, მთავარი მიზანი, რაც ჩვენს კონტინენტს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ამ არასწორი ომის დასრულება, რომელიც მხარდაჭერილი იყო დიდი სახელმწიფოების მხრიდან.
ერთი რამ არის ფაქტი, მე ეს არაერთხელ მითქვამს – ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაც ამაზეა აგებული, რომ თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიხედოს საკუთარ ინტერესს და მეზობელი, რაც არ უნდა კეთილმოსურნე იყოს ის, საკუთარი ინტერესი აქვს. ასე, რომ ჩვენ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესების დაცვას, ჩვენი რესურსის გამოყენებას უნდა შევეცადოთ და უნდა შევეცადოთ იმას, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ იმ დიდი ძალისხმევით, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში არ ვიშურებთ“, – განაცხადა ბითაძემ.