“აშშ დღეს რომ ევროპაზე საუბრობს და იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „ცივილიზაციის დაღმასვლა“, მიუთითებს, რომ ევროპა აუფასურებს იმ ღირებულებებს, რისთვისაც მშვიდობის ეს ბლოკი 50-იან წლებში შეიქმნა” – მაია ბითაძე
“ფაქტობრივად, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ყოველდღიურად როგორ მართლდება ის პროგნოზი და პოლიტიკური ხედვა, რაც „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანია, აქვს და ახორციელებს ისევ და ისევ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
„ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის შეიმჩნევა, უკრაინის ომიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, აშშ-ის მხრიდან გადის სწორედ იმ ნარატივზე, რომელსაც ამდენი ხანია, „ქართული ოცნება“ აჟღერებს. ის, რომ აშშ დღეს ევროპაზე საუბრობს და იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „ცივილიზაციის დაღმასვლა“, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტობრივად ევროპა აუფასურებს იმ ღირებულებებს, რისთვისაც მშვიდობის ეს ბლოკი 50-იან წლებში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, მშვიდობის პროექტიდან დღეს უკვე ვხედავთ, რომ ხდება მისი ომის პროექტად გარდაქმნა, სწორედ ევროპული არაგონივრული ბიუროკრატიის მხრიდან, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ.
შესაბამისად, მთავარია, ის გეგმა, რაც აშშ-ის პრეზიდენტს აქვს ომის დასრულებასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გზაზეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დაბრკოლება იქმნება. მათ შორის, ევრობიუროკრატიის მხრიდან“, – აღნიშნა ბითაძემ.