“ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის” – მიხეილ ყაველაშვილი
“ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები – ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებით, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.
ეს ჩვენ რას გვაძლევს? – რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.