პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს: რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად გავიხარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აშშ-ში, ნიუჯერსიში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის გახსნით; ახლა კი ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც
„სულ რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად გავიხარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აშშ-ში, ნიუჯერსიში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის გახსნით; ახლა კი ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც,“- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩრდილოეთ ამერიკაში სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას და უწმინდესის მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ილია მეორე აღნიშნავს, გულითად მადლობას უხდის ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება.
„სულ რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად გავიხარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აშშ-ში, ნიუჯერსიში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის გახსნით; ახლა კი ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც, რაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის და ჩვენი დიდი მეფის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, ხსენების დღეს ხორციელდება.
გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება. ღმერთმა დალოცოს დეკანოზი ანდრია მარუაშვილიც, რომლის ორგანიზებითაც მოხდა ამ ინიციატივის აღსრულება.
გილოცავთ და გლოცავთ თქვენც, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე საბა, მართლაც საზეიმო დღეს და შევთხოვ წმინდა ანდრია მოციქულსა და წმინდა ვახტანგ მეფეს, ღვთის წინაშე მეოხება არ მოაკლოს მაცხოვრის სიყვარულით გამთბარ თქვენ სამწყსოს, აქ მოღვაწე სასულიერო პირთ და სრულიად საქართველოს.
გაიხარეთ, გამხნევდით, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები ყოვლადწმიდა სამების და მოყვასის სამსახურისთვის არ დაიშუროთ, იყავით უფლის მოიმედენი და მუდამ გახსოვდეთ საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მომპოვებელი მეფის ანდერძი: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა“.
ვინც ამ სიტყვებს გაითავისებს, მარადიული ნეტარების თანაზიარი გახდება.
თქვენთვის მლოცველი, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა“, – წერს უწმინდესი.