მედია: უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისია
“მაშინ, როდესაც უკრაინის ბევრი საავადმყოფო დაჭრილების გაუთავებელ ნაკადს უმკლავდება, დასავლეთ ქალაქ ჰოშჩაში მდებარე სამშობიარო განყოფილება მიტოვებულია”,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობა 42 მილიონიდან 36 მილიონამდე შემცირდა (აქედან მხოლოდ 31 მილიონი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს). უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროგნოზით, 2051 წელს ეს რიცხვი 25 მილიონამდე შემცირდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჰოშჩას საავადმყოფოში წელს მხოლოდ 139 დაბადება დაფიქსირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან – 164 ახალშობილი – შედარებით ნაკლებია და ძალიან განსხვავდება ათ წელზე ოდნავ მეტი ხნის წინანდელი მაჩვენებლისგან, როდესაც ყოველწლიურად 400-ზე მეტი ბავშვი იბადებოდა.
როგორც მედია აღნიშნავს, თითქმის ოთხწლიანი ბრძოლის შედეგად, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, მილიონობით ადამიანი კი ქვეყნიდან გაიქცა და შობადობა მცირდება.
“უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფისკენ მიიწევს, რადგან ხელისუფლება მნიშვნელოვან კითხვას ებრძვის: ომის დასრულების შემდეგ, ვინ დარჩება დანგრეული ქვეყნის აღსადგენად?”,- ნათქვამია “როიტერის” სტატიაში.