ბრიტანელ სამხედროებს კენიაში ადამიანის უფლებების დარღვევასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
კენიის პარლამენტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ეხება კენიის ქალაქ ნანიუკის მახლობლად მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე განლაგებული ჯარისკაცების ქმედებებს, ბრიტანელი ჯარისკაცების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას, გარემოს განადგურებას და სექსუალურ ძალადობას,- ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
მედიის ცნობით, კენიაში ბრიტანული არმიის საწვრთნელი დანაყოფის (ბატუკი) გამოძიება კენიის თავდაცვის, დაზვერვისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის კომიტეტმა ჩაატარა.
„გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში კომიტეტმა ბატუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური წინააღმდეგობა და თანამშრომლობის არარსებობა განიცადა, რომელიც ჯიუტად უარს ამბობდა კომიტეტის წინაშე გამოცხადებაზე და ამის ნაცვლად დიპლომატიური იმუნიტეტის მოთხოვნით გამოდიოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
პარლამენტის წევრის, ნელსონ კოეჩის თავმჯდომარეობით ჩატარებულმა გამოძიებამ „ბატუკის პერსონალის მხრიდან სექსუალური ძალადობის შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა, რაც გამოიხატება ჯარისკაცების მიერ გაუპატიურებით, ძალადობითა და გაჩენილი ჩვილების მიტოვებით“.
„სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა განაცხადეს, რომ საქმეები შეწყვეტილი იყო ან არასწორად იყო წარმოებული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რის გამოც ბევრ მსხვერპლს არ ეძლეოდა სამართლიანობაზე წვდომა“, – ნათქვამია ანგარიშში.
კენიელმა უფლებადამცველებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბრალდებები მკაცრად გააპროტესტეს და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებებს ადამიანის უფლებების დარღვევასა და სექსუალურ ძალადობაში კენიაში სერიოზულად ეკიდება და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.