გია ხუხაშვილი:ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია

“ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია”,-
ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე” საუბრისას
გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, შესაძლოა ტრამპი გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია, რუსეთს აჩვენოს ტაქტიკური ლოიალურობა, რათა გარკვეული საფრთხეების პრევენცია მოახდინოს.

,,მისი პოზიცია თავიდანვე არათანამიმდევრულია, პრეზიდენტობა დაიწყო სწორედ ამგვარი მკაცრი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ, შემდეგ რუსეთის მიმართ გახდა გაცილებით ხისტი და გასაგებიც, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა იმ დღის წესრიგს, რომლის შედეგადაც ეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა შესაძლებელია აღვიქვათ როგორც უკრაინის კაპიტულაცია, თუ, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებული პირობები რეალობას შეესაბამება. შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციას არ ესმოდეს, რომ უკრაინა ამ პირობებს, უბრალოდ, ვერ დათანხმდება. ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს მარცხის ტოლფასი. არ ვიცი, რა ჩანაფიქრი დგას ამის უკან და როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე შექმნილია საკმაოდ დრამატული ვითარება.

ზელენსკიმ იცის, რომ ამერიკა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამასთანავე, ტრამპის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, დიპლომატიურობაა საჭირო. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად მოახერხებენ კოორდინირებას უკრაინა და დანარჩენი ევროპა, რათა ტრამპი აიძულონ, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო გეგმით შექმნილ დღის წესრიგს ჩამოშორდეს. მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს ტრამპს, როდესაც ამ მიმართულებით მოძრაობს. მას ამ გზაზე არა აქვს სერიოზული არგუმენტები. ეს ყველაფერი თუ მართლაც დაიჟინა, ვფიქრობ, პასუხს თავის ქვეყანაშივე მიიღებს და მისთვის ეს არ იქნება მარტივად აღსადგენი რეპუტაციული ზიანი. როგორც უკვე ვთქვი, ერთი ამგვარი შეტევა უკრაინაზე ტრამპმა უკვე მიიტანა, რაც საბოლოოდ ე.წ. იშვიათ ლითონებზე წვდომის შეთანხმებით დასრულდა. ამჯერად რა მიზანი აქვს, რთული სათქმელია. შესაძლოა ეს იყოს ტრამპის ერთგვარი დიპლომატიური თამაში ან კიდევ სხვა რამ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გამოჩნდება. შესაძლოა ტრამპი გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია, რუსეთს აჩვენოს ტაქტიკური ლოიალურობა, რათა გარკვეული საფრთხეების პრევენცია მოახდინოს. შესაძლებელია კიდევ უფრო ცუდადაც არის საქმე…

ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან. ეს ომი არ არის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მსგავსი, რომ ტერიტორიების დათმობით მოგვარდეს, ყარაბაღის შემთხვევაში ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ლოგიკით განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომი კი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი კონფლიქტია – ეს არის ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ არის ტერიტორიული დავა. ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის თემა, რაც შეუძლებელია ტრამპს არ ესმოდეს. ეს არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ბუნებრივია, ევროპა დღეს მხოლოდ უკრაინას კი არა, თავს იცავს. ამ შეთანხმების რეალიზება კი ნიშნავს, რომ უკვე საფრთხე დაემუქრება მთელ ევროპას. დღეს ტრამპს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და უკრაინას შორის კი არ უწევს, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის, და არა მგონია, ეს მარტივი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი გავლენიანი ფიგურა კია, მაგრამ ის არ არის აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი, რომ ასეთ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს მთელი სამყაროს წესრიგი, რომელიც დღეს სრულიად ახლებურად ყალიბდება.

თუ ტრამპი ყველა პარტნიორზე უარს იტყვის, გამოდის, რუსეთის იმედად დარჩება? ეს ცოტა არ იყოს, რთული წარმოსადგენია, თანაც ვეჭვობ, ტრამპის ადმინისტრაციას ამის რესურსი ჰქონდეს. შეიძლება სხვა ფარული მიზეზებიც იყოს, იგივე ეფშტეინის ფაილების გამოქვეყნების საკითხი, სადაც, როგორც ამბობენ, ტრამპზეც მოიპოვება მასალები. საზოგადოდ, დღის წესრიგში აქცენტების შეცვლა, ერთი თემის მეორით გადაფარვა, დამახასიათებელია პოლიტიკისთვის. თუმცა ეს მაინც ვარაუდებია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოსკოვშიც და კიევშიც ესმით, რომ ვინც პირველი ჩამოაყალიბებს ამ პირობებზე საკუთარ პოზიციას, წაგებული იქნება. აქ პაუზის დაჭერა იქნება მთავარი იარაღი. ზელენსკიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ამ პირობებს არ და ვერ დათანხმდება, თავს იკავებს კატეგორიული განცხადებებისგან. მას კარგად ესმის, რომ ხისტი პოზიციის გამოხატვა შეიძლება პოლიტიკურ წაგებად დაუჯდეს. ამიტომ ყველა ეცდება ჯერჯერობით დროის გაყვანას”… განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები