მუზეუმების საერთაშორისო დღე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

მუზეუმების საერთაშორისო დღე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა ლანა შერმადინის პერსონალური გამოფენა და ანსამბლ „გოგოლაის“ კონცერტი, ბავშვებისთვის კი სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა მოეწყო.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა წიგნის – „ჩემი ექვთიმე“ – პრეზენტაცია, რომლის ავტორია რეზო თაყაიშვილი.
გრემის მუზეუმში ჩატარდა სხვადასხვა თემატიკის საჯარო შეხვედრები დამთვალიერებლებთან, ასევე სკოლის მოსწავლეებმა საგალობლები და ლექსები წარადგინეს.
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „მე ვარ საქართველო“, რომელიც აერთიანებს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს „აცოცხლებენ“ სხვადასხვა კუთხით: ისტორიით, კულტურით, ბუნებით, ადამიანებითა და ღირებულებებით.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა დიდი ჯიხაიშის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, დამთვალიერებლებისთვის ექსკურსიები ჩაეტარებინათ; მოეწყო ანა თადუმაძის ნამუშევრების გამოფენა და საჭადრაკო ტურნირი, ასევე მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო თექაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და ბორჯომის სატყეო მუზეუმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.
უფლისციხეში გაიმართა ადგილობრივი მხატვრების გამოფენა და ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ხოლო ვარძიაში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ზედა ვარძიის დედათა მონასტრის ნაქარგი ნამუშევრების გამოფენა. ასევე ასპინძის შშმ პირთა განვითარების ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს მრავალფეროვან გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები