„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელთან ერთად ასტანაში ყველაზე მსხვილ ტვირთმფლობელებს შეხვდა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელთან, დავით სამხარაშვილთან ერთად ასტანაში ყველაზე მსხვილ ტვირთმფლობელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ტვირთმფლობელებს საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა გააცნო. მხარეებმა „შუა დერეფნის“ განვითარებასა და ამ მარშრუტზე ტვირთნაკადის მოზიდვაზე ისაუბრეს.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს არის პირველი გასვლით შეხვედრა მსხვილ ტვირთმფლობელებთან.
„ასტანაში ვიზიტის მიზანი იყო კონკრეტულად ტვირთმფლობელებისგან მოგვესმინა მათი საჭიროებები. როგორც მოგეხსენებათ, მათთვის მნიშვნელოვანია ერთიანი მოქნილი ტარიფები „შუა დერეფნის“ ფარგლებში“. სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ. ამ ტიპის შეხვედრები მომავალში არაერთ ქვეყანაში გაგრძელდება“, – განმარტა ლაშა აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ ასტანაში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიგეგმა. აუდიენციას ფოთის პორტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.