ლევან აბაშიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საზოგადოებას ყოველწლიურად წარუდგინონ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

ლევან აბაშიძის ანგარიში შეეხება მისი, როგორც საკრებულოს წევრის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, გარემოს დაცვის კომისიის წევრის, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის წევრის საქმიანობის მიმოხილვას 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის პერიოდში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა ღვაწლის სათანადოდ უკვდავყოფა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობა, მოქალაქეთა განცხადებებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენდა.

ლევან აბაშიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ 14 სხდომა ჩაატარა, რომელთა მუშაობაშიც ასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, კომისიამ განიხილა სახელდების თაობაზე შემოტანილი 300-მდე განცხადება; სახელდების თაობაზე გამოიცა 96 განკარგულება; ასობით მოქალაქეს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია; ათობით ქუჩა და გზათა ქსელი დათვალიერდა ადგილზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და მერიის სამსახურებთან თანამშრომლობით მისამართის აღმნიშვნელი აბრა წლის ბოლომდე განთავსდება დაახლოებით 10 000 მისამართზე.

2025 წელს ნაცვალგების პრინციპით თბილისს შეემატა: ალიშერ ნავოის პარკი, რომლის სანაცვლოდაც ტაშკენტში არსებობს შოთა რუსთაველის ქუჩა და ძეგლი; ურუგვაის დედაქალაქში თბილისის სახელობის მოედნის სახელდების შემდგომ, ისნის რაიონში არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭა მონტევიდეოს სახელი.

ლევან აბაშიძემ ობიექტებისთვის მინიჭებული სახელებიდან აღნიშნა ისეთი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან: ტერენტი გრანელი, თემურ ჩხეიძე, ომარ მხეიძე, ზურაბ გორგილაძე, დოდო ჭიჭინაძე, ჯემალ ღაღანიძე, ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვლადიმერ უგრეხელიძე, გივი გაჩეჩილაძე, იოსებ ჟორდანია. ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერები.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ლევან აბაშიძემ საკრებულოს 15 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 102 დადგენილება და 737 განკარგულება.

ლევან აბაშიძემ საზოგადოებას, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია გარემოს დაცვის კომისიაში, ფრაქციაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და თბილისის მერიაში არსებულ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის მუშაობაში წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის თაობაზე.

დღესვე, 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩახვაშვილმა. თამარ ჩახვაშვილი აქტიურად არის ჩართული საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯო კომისიის საქმიანობაში.

2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები