აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
აღნიშნული აქციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური მომსახურება მიიღეს.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი პირადად დაესწრო.
„სამინისტროში მოქმედი პროგრამები მაქსიმალურად არის მორგებული დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, თუმცა ბენეფიციართა მოთხოვნებიდან გამომდინარე მათ დამატებით ვთავაზობთ უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩაფიძის კლინიკას მხარდაჭერისთვის. სამინისტრო გეგმავს სხვა თბილისის წამყვან კლინიკებთანაც მსგავს თანამშრომლობებს, რათა ჩვენს დროებით დევნილ საზოგადოებას დამატებით მივცეთ შესაძლებლობა სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ საჭირო სამედიცინო სერვისები“, – განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებისთვის მსგავსი აქციები აქტიურად გაგრძელდება.