„დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, შეიძლება, დაჩაგრული იქნეს ამ ნიშნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ოჯახებში.
„თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, შეიძლება, დაჩაგრული იქნეს ამ ნიშნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ოჯახებში. ზუსტად იგივე მიდგომები აქვთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებსა და აშშ-ში. ეს ევროპულ სტანდარტს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხი. მით უმეტეს, უფლებების დაცულობა არის გარანტირებული. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს არაობიექტურობას ჩვენ მიმართ დამოკიდებულებისა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოთხოვნათა უკან დევს გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იქნება ხელისუფლებით უკმაყოფილო და ეცდება, ფიზიკური ძალით შეცვალოს ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც უკეთესი მარიონეტი იქნება, მათ შორის ბრიუსელის ხელში.
იყო პერიოდი, როდესაც მათი პოლიტიკური მისწრაფებები შენიღბული იყო მოთხოვნებით ლგბტ პროპაგანდის, გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამ პოსტულატებს იმეორებენ, მაგრამ საქართველოზე ასეთი გააფთრებული შეტევა, მაღალი რეიტინგების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ეს არ არის დამალული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ რეალობის გვერდით ვითარდება სხვა პროცესი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მარიონეტული ხელისუფლებით.
„იქ ყველა სახელმწიფოს ერთნაირი პოზიცია არ აქვს, კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მისაღებია გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის სტრატეგიის დროებითი შეჩერების თაობაზე, თუმცა არც ეს ემუქრება საქართველოს, ვინაიდან ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ რეალობის გვერდით ვითარდება სხვა პროცესი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მარიონეტული ხელისუფლებით, რომელიც დათანხმდება ყველა იმ გეგმას, რაც იყო გაჟღერებული ევრობიუროკრატიის მხრიდან. ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.