,,დღეს კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთ-საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თურქეთში ვიზიტის შეჯამებისას მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო.
„პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. თურქეთის მხარემ, პრეზიდენტმა უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს, საქართველოს დელეგაციას, და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამის ორგანიზებისთვის.
ჩვენ შევეხეთ თითქმის, ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. პირველ რიგში, ხაზგასასმელია და ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა რწმენა, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთ-საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება.
ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. მთავარი თემა არის პოლიტიკური შეხედულებები, ის, რომ ორივე ქვეყანა ძალიან დაინტერესებული ვიყავით მშვიდობიანი წიაღსვლით რეგიონში. იცით, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია ამ შერიგების პროცესში. ჩვენც ხომ მუდმივად ვმონაწილეობდით თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის თემაში და ამას ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი თითქმის, დასასრულს უახლოვდება და თავად, თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულის არის “,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.