მამუკა მდინარაძე: თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს

რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვდით და გულიც დაგვწყდა ბევრ მათგანზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამოირჩიეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რომლებმაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაონ მოსახლეობასთან და რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული.

„ჩვენ ამოვარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის, ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში და „ქართულ ოცნებას“ ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მხარს მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას, ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანებიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ, ზოგი არის საკრებულოს მოქმედი წევრი, ზოგი ახალი კანდიდატია – ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ისინი უზრუნველყოფენ საკუთარ წარმატებას, ამაზეა აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებისთვისაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც – კანდიდატებზე და მომავალ წევრებზეა საუბარი, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე, თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები