საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა
საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის. წლების განმავლობაში იგი ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.
ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში – არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში – შვეიცარიის კონფედერაციაში.
2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.
ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.