არჩილ გორდულაძე ამაღლობელის საქმის შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებაზე: არაფერი არ არის უფრო არადემოკრატიული, ვიდრე ისეთი ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ აღიარებული

„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა იმაზე ნაკლებად არ ისჯება, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენზე საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა იმაზე ნაკლებად არ ისჯება, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

“ჩვენ 24 დიპლომატის განცხადებაც გვახსოვს და 27-ის დემარშიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყო. შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ვნახეთ, მაგრამ 27-დან არცერთს არ მოუხდია ბოდიში, რომ მართალი იყო საქართველოს პროკურატურა, პენიტენციური დაწესებულება, სასამართლო და საქართველოს სახელმწიფო. ზუსტად იგივე შემთხვევაა – სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე დიპლომატები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებშიც განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული და აქტიურად ხორციელდება “დიფ სთეითის” გავლენები, ჩვენს ქვეყანაში თავდასხმა ახორციელებენ მართლმსაჯულების სისტემაზე. არაფერი არ არის სხვა უფრო არადემოკრატიული, ვიდრე კანონის სრული დარღვევით, ისეთ ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული დამნაშავედ. სხვა ქვეყნებში, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა რომ ავიღოთ, თუ უფრო მკაცრად არა, ამაზე ნაკლებად მაინც არ ისჯება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 24-მა დიპლომატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა: „ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა – ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები