,,ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ის ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ევროსტრუქტურებს კარნახობენ, რომ ეს გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის ბერკეტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ თანხმდება საომარ პროცესებში ჩართვას და ქვეყნის ნგრევაზე არ აწერს ხელს. ხაბეიშვილს აქვს იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლის ღვრით და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში. მთელი ისტორია ამაში მდგომარეობს. ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები იმისათვის, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის. ეს გეგმა ყველას აქვს, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ხაბეიშვილის გარდა. ხაბეიშვილიც იმიტომ ლაპარაკობს, რომ ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ასეთი ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა დაემხოს, ოღონდ მშვიდობიანად.