ზუგდიდში, თხილის ბაღებზე ორიენტირებული ტექნიკის სადემონსტრაციო დღეზე თხილის სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა
ზუგდიდში, თხილის ბაღებზე ორიენტირებული ტექნიკის სადემონსტრაციო დღეზე (დემო დღე) თხილის სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და აგრიჯორჯიას (ფერეროს თხილის კომპანია) მიერ იყო ორგანიზებული, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში. დემო დღე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებთან – აგრომოტორსი, ფარმარეა, თეგეტა აგრი და იტალიის აგროტექნიკა საქართველოში პარტნიორობით განხორციელდა.
სურსათის უვნებლობის, წარმოების ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული დემო დღის მეშვეობით, თხილის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ახალი კავშირები, გაეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება და ენახათ, თუ როგორ მუშაობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
FAO-სა და აგრიჯორჯიას წარმომადგენლების მიერ წარმოთქმული მისასალმებელი სიტყვისა და პრეზენტაციების შემდეგ, ტექნიკის იმპორტიორმა კომპანიებმა ღონისძიების მონაწილეებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ბაზარზე არსებულ ტექნიკასა და დანადგარებზე.
ღონისძიება თხილის კულტივირებისა და გადამუშავებისთვის შექმნილი უახლესი ტექნიკისა და დანადგარების გამოფენით გაგრძელდა და მოსავლის ამღები ტექნიკის პრაქტიკულ დემონსტრაციებს მოიცავდა. ამასთანავე, თხილის შრობის სწორი მეთოდებისა და აფლატოქსინის პრევენციის მნიშვნელობაზე ხაზგასასმელად, აგრიჯორჯიამ კომპანიის საშრობ სივრცეებში ტურიც ჩაატარა.
შესაბამისად, დემო დღემ ხელი შეუწყო თხილის ფერმერებს შორის ახალ კავშირებსა და
საქართველოს ბაზარზე არსებულ უახლესი ტექნიკის შესახებ ცოდნის გააზრებას, რაც მომავალში თხილის გაუმჯობესებულ და მეტად უვნებელ წარმოებას უზრუნველყოფს.
„ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს დაინტერესებული მხარეების ინიციატივებს თხილის ღირებულებათა ჯაჭვში, რომლებსაც ინოვაცია და თანამშრომლობა ქართველ ფერმერებამდე მიაქვს. ტექნიკის სადემონსტრაციო დღე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო სექტორსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობები ევროკავშირის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტების დაცვის პოპულარიზაციას და, ამავდროულად, მედეგი, ეფექტური და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას უწყობდეს ხელს. ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ჩვენ განვაგრძობთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობას, განსაკუთრებით თხილის სექტორისთვის, აფლატოქსინით დაბინძურების პრევენციაზე ორიენტირებული მდგრადი პრაქტიკებისა და დანადგარების პოპულარიზაციის მეშვეობით, საქართველოში მცირე ზომის ფერმერულ წარმოებაში ჩართულ ადამიანებთან თანამშრომლობით მდგრადი მიდგომის ფარგლებში“- ამბობს დენის რეისი, ევროკავშირის დელეგაციის მდგრადი სურსათის სისტემების პროგრამის ოფიცერი
„ტექნიკის სადემონსტრაციო დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს თხილის სექტორის ინკლუზიური, მდგრადი და გამძლე განვითარების მნიშვნელობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებით და ფერმერებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ ექსპერტებს შორის ახალი კავშირების შექმნით, FAO ხელს უწყობს უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოს და, შესაბამისად, უკეთეს ცხოვრებას სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის. FAO აგრძელებს თანამშრომლობას აგრიჯორჯიასთან, ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული ENPARD IV-ის ფარგლებში, რათა დადებითი ცვლილება მოახდინოს საქართველოს აგრარულ სექტორში“ – აღნიშნა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს პროგრამის მენეჯერმა.
საქართველოს ბაზარზე არსებულ უახლესი ტექნიკის შესახებ ცოდნის გააზრებას, რაც მომავალში თხილის გაუმჯობესებულ და მეტად უვნებელ წარმოებას უზრუნველყოფს.
„აგრიჯორჯია აძლიერებს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს — ბაღებიდან საერთაშორისო ბაზრებამდე. დემო დღე კარგი შესაძლებლობაა, დავუჭიროთ მხარი ფერმერებს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით, რაც პროდუქტიულობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას ემსახურება. გვჯერა, რომ ფერმერებში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას საქართველოს თხილის სექტორის მომავალში. მოხარულები ვართ, რომ FAO-სთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, რათა ხელი შევუწყოთ გრძელვადიან, მდგრად პარტნიორობებს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებას მეწარმეებისთვის, თემებისთვის და მთელი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ვახტანგ ჭანიშვილმა, აგრიჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.
ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული, დემო დღე წარმოადგენს FAO-სა და აგრიჯორჯიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს.. ამ პარტნიორობის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგების სერია, რომლის მეშვეობითაც თხილის მწარმოებელმა 130-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო ცოდნა ბაღის მდგრადი მართვის, მავნებლების და დაავადებების ინტეგრირებული კონტროლის, მოსავლის აღების, შემდგომი დამუშავებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ღონისძიება კიდევ უფრო აძლიერებს FAO-სა და აგრიჯორჯიას პარტნიორობას და ნათლად ასახავს საერთო მიზანს — არავინ ყურადღების მიღმა, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმე. ინიციატივა მხარს უჭერს ფერმერებს პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და საექსპორტო სტანდარტების შესაბამისობის ზრდაში და, საბოლოო ჯამში, აძლიერებს საქართველოს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ:
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.