თენგიზ შარმანაშვილი: ოქტომბერში მივიღებთ პოლიტიკურად განადგურებულ ოპოზიციას
,,ოქტომბერში მივიღებთ პოლიტიკურად აბსოლუტურად დაკნინებულ და განადგურებულ ოპოზიციას და ეს გააკეთეს მათმა პატრონებმა თავისივე ხელით. მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომები. ჯერ თვითონ ის, რომ საქართველოს ასეთი ულტიმატუმების ენით ელაპარაკებოდნენ. მერე ის, რომ მიზნად დაისახეს საქართველოში ხელისუფლების ცვლა ქართველი ხალხის ნების გარეშე”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციასთან დაკავშირებით ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შანსი, რომ გამოეყენებინა პარლამენტი პოლიტიკური დებატებისთვის, თუმცა მისივე პატრონების დავალებით უარი თქვა ამ შესაძლებლობაზე.
„ისინი ამბობენ, რომ არ გვაინტერესებს ქართველი ხალხი ვის აირჩევს, მთავარია ვის ვირჩევთ ჩვენ. ეს უკვე გააკეთეს რუმინეთში და ეს ყველამ დაინახა, მთელმა მსოფლიომ და ჯეიდი ვენსმა ვიცე პრეზიდენტმა პირდაპირ ბრალი დასდო მანიპულაციებში ევროკავშირს, რაც ჩაიდინა რუმინეთში. ეს ჩვენ ხომ არ გვითქვამს, თვითონ ამერიკის ადმინისტრაცია საუბრობდა ამას. მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი დამარცხდებიან. აბა როგორ წარმოგიდგენიათ თან გვესაუბრებიან, რომ დიალოგი ვაწარმოოთ ამ რადიკალურ ოპოზიციასთან და თან იმათ არ მოუწოდეს თავის დროზე, პირიქით, დაავალეს, რომ პარლამენტში არ შემოსულიყვნენ. 150 -კაციან პარლამენტში 61 ოპოზიციონერის ყოფნა რა ძალა იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?! ამაზე მეტი უფრო კარგი სადიალოგო ადგილი, დისკუსიის ადგილი, პოლიტიკური იდეების გაცვლის ადგილი თუნდაც დაპირისპირების ადგილი კაცობრიობა ჯერ არ მოუგონია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.