კახა კანდელაკი ფესტივალ „ოქროს თვალის“ საზეიმო გახსნას დაესწრო
„Tbilisi Event Hall”-ში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალის“ საზეიმო გახსნას დაესწრო. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, „ოქროს თვალი“ სამაუწყებლო ტექნიკის 1-ლი საერთაშორისო გამოფენით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტექნიკის ლიდერი კომპანიები: Sony, Canon, Avid, Innovator, Broadview, Evertz, Fujifilm, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell, JVC. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უახლესი სამაუწყებლო ტექნიკა. მსგავსი ტიპის გამოფენა საქართველოში პირველად ჩატარდა და ერთადერთია რეგიონის მასშტაბით.
16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ უკვე მეოთხედ ტარდება და 29 ქვეყანას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია, მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას.
18 ოქტომბერს, 21:00 საათზე „Tbilisi Event Hall”-ში გაიმართება ფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც საერთაშორისო ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენს გამარჯვებულებს (ჟიურისაქართველოს, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და აშშ-ს წარმომადგენლებისგან შედგება).
3 დღის მანძილზე ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებით. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს წაიკითხავენ საერთაშორისო დონის ექსპერტები: ტელეოპერატორების გილდიის ვიცე – პრეზიდენტი ჯონ ჰენშალი, ემის ჯილდოს მფლობელი, დამდგმელი ოპერატორი ბილ ჰოლშეფნიკოვი, აგრეთვე კინემატოგრაფი, რეჟისორი, ამერიკის კინოაკადემიის (ოსკარის) წევრი ჰირო ნარიტა, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიც არიან: მარტინ სკორსეზე და ფრენსის ფორდ კოპოლა.
„ოქროს თვალი“ – ინოვაციური ტექნოლოგიების საერათაშორისო ფონდის (IFIT) პროექტია. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია ქართული სისტემური ინტეგრატორი კომპანია „ინოვატორი“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტროსთან ერთად ფესტივალის მხარდამჭერია: SONY, CANON, AVID, INNOVATOR, და FLIT MEDIA.